ახალი ამბები

ყოფილი მთავარი პროკურორის ორგანიზაცია პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს

22 სექტემბერი, 2014 • • 2070
ყოფილი მთავარი პროკურორის ორგანიზაცია პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს

კბილაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ევროპული არჩევანის” (სეა) 2014 წლის იანვარში დაფუძნდა, თებერვლიდან კი მან კონკრეტული საპროექტო წინადადებით მიმართა USAID-ს.


“პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ივლისში. ხოლო თებერვლიდან ივლისამდე მიმდინარეობდა გაცვლა აზრების. ჩვენ რამდენიმე საკითხი გამოვყავით. ეს ორი იყო ექვსეულში შემავალი საკითხები. ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი უფრო გრძელვადიან და დიდბიუჯეტიან პროექტზე. მათი აირჩიეს [პროკურატურის და აღკვეთის ღონიძიების რეფორმის კონცეფცია] ეს ორი საკითხი და მოკლე ვადა დააწესეს. ჩვენს ორგანიზაციას ისტორია არ ჰქონდა და გამონაკლისივით მოუწია დაფინანსება,” – უთხრა არჩილ კბილაშვილმა “ნეტგაზეთს”. 


“ნეტგაზეთის” კითხვაზე, გაუწია თუ არა კბილაშვილის ორგანიზაციას რეკომენდაცია USAID–ში საქართველოში აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლამდმა, ყოფილი მთავარი პროკურორი ასე პასუხობს:

 

“ის, რაც ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მე მოვერიდები მის გახმოვანებას. არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. ზოგადად, ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ, მე რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა აშშ–ის ელჩთან სხვადასხვა ვითარებაში და ის ყოველთვის გამოხატავს მხარდაჭერას იმ მიზნებისას, რაც ჩვენ გვაქვს.”


კბილაშვილის არსამთავრობო ორგანიზაციამ 5-თვიანი პროექტისთვის 40 ათასი აშშ დოლარის დაფინანსება USAID–ის მხარდაჭერით აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში მიიღო. ყოფილი მთავარი პროკურორის ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას “მოქალაქის” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა აქვს, თუმცა ყოფილ პრემიერს მისი ორგანიზაციის რომელიმე პროექტი ჯერ არ დაუფინანსებია: “მომავალში არ ვიცი, რა იქნება. ბატონ ბიძინასთან ურთიერთობა მაქვს. მე ვუთხარი, რომ ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს პროექტი დააფინანსეს. მან ამის შესახებ იცის.” 

 

პროექტი, რომლის სახელწოდებაა “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში” ორ კომპონენტს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში არჩილ კბილაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის რეფორმის და არსებული აღკვეთის ღონისძიებების სისტემის ხელშეწყობის კონცეფციას მოამზადებს. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია 22 სექტემბერს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შედგა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის, უზენაესი სასამრთლოს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

აშშ–ის განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის, დანიელ რეიფის ინფორმაციით, USAID-ი სეა–ს პროექტს მხარს უჭერს აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში: 


“პროექტის ძირითადი მიზანია საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგება ქართული კანონმდებლობის. საქართველოს პროკურატურის რეფირმირება, ისევე როგორც აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენება დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. საზოგადოებრივი კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და დამოუკიდებლობის აღქმა გაზრდილია. საზოგადოება ფიქრობს, რომ პროკურატურას აქვს მეტი გავლენა მართლმსაჯულების პროცესზე და მთავრობა არამართებულ გავლენას ახდენს პროკურატურის საქმინობაზე. პროკურატურის ანგარიშვალდებულება პრობლემად რჩება და მთლიანად მართლმსაჯულება პრობლემური საკითხია საქართველოში. ახლად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია “საქართველოს ევროპული არჩევანი”, რომელიც აპირებს ითანამშრომლოს მთავრობის შესაბამის ინსტიტუტებთან, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, და გაუზიაროს მათ მოსაზრებები, როგორ შეიძლება პროკურატურა გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გაიზარდოს მათი პროფესიოალიზმი.” 


არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ევროპული არჩევანის” (სეა) ხელმძღვანელის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პროექტში მიიღებენ მონაწილეობას მაია მწარიაშვილი, მადონა ღიბრაძე, კახა წერეთელი, დავით ბესტავაშვილი.


“ეს ადამინები არიან ისინი, რომელთაც უმუშვიათ ამ სისტემაში და შიგნიდან იცნობენ ამ სისტემას. ჩვენი შესწავლის და შეფასების საგანი არ იქნება პროკურორების და იმ ადამინების საქმინობა, რომლებიც აღასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ჩვენი შესწავლის საგანი იქნება ის სისტემა და ის წესები, რომლებიც განსაზღვრავენ პროკურორთა უფლება–მოვალეობებს. შევეცდებით იქ დავინახოთ ის ხარვეზები, რომელიც არსებობს. ძალიან ზოგადად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურის სისტემა და ის ჩარჩო–მექანიზმი, რომელიც დღეს მუშაობს, მემკვიდრეობით იქნა მიღებული წინა ხელისუფლებისაგან. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გასული წლის მაისში იუსტიციის მინისტრს ჩამოერთვა პროკურორის უფლებამოსილება, სხვა მასობრივი ცვლილება კანონმდებლობას არ განუცდია. ეს ძალიან ცოტა არის იმისთვის, რომ მივაღწიოთ პროკურატურის დამოუკიდებლობას. ეს უწყება უნდა იქნას დაცული პოლიტიკური ძალების გავლენისაგან და ემსახუროს კანონს. ეს არის ის მარტივი ჭეშმარიტება, რომლისკენაც სწრაფვა ყველა ჩვენგანის ვალია,” – ამბობს არჩილ კბილაშვილი. 


არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტის განხორციელება 2014 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდება. არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2013 წლის 7 ნოემბერს პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი