ახალი ამბები

ეს არის დაცინვა – სოცმუშაკების აქციის მონაწილე სამინისტროს შეთავაზებაზე

27 მარტი, 2019 • 1520
ეს არის დაცინვა – სოცმუშაკების აქციის მონაწილე სამინისტროს შეთავაზებაზე

სოციალური მუშაკების გაფიცვიდან მესამე დღეს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. თუმცა ამ განცხადებას სოცმუშაკების პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქეთი ხუციშვილი “დაცინვად” აფასებს.

სამინისტროს შეთავაზება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უწყება თითო რეგიონში თითო მანქანას, თბილისში კი 1 ფსიქოლოგს დაამატებს. ასევე, სამინისტრო აცხადებს, რომ იგეგმება 12 იურისტისა და 2019 წლის განმავლობაში 50 სოციალური მუშაკის დამატება. ამ დროისთვის კი 30 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათებიც, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით მგზავრობენ, 2020 წლიდან კი ხელფასი 1500 ლარამდე გაეზრდებათ.

გაფიცული სოციალური მუშაკების პასუხი

ქეთი ხუციშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სამინისტროს ეს ნაბიჯები მცირეა და რეალურ სურათს ვერ შეცვლის.

“ფსიქოლოგის დამატებას ჩვენ ვითხოვთ ყველა ცენტრში, ისინი კი გვეუბნებიან, რომ ერთადერთ ფსიქოლოგს დაამატებენ, ისიც თბილისში, და ამას აღიქვამენ, როგორც მოთხოვნების შესრულებას. ეს არის აბსოლუტური აბსურდი.

რაც შეეხება ტრანსპორტს, სამინისტრომ რეგიონში დაამატა თითო მანქანა. ეს ნიშნავს, რომ მთლიან რეგიონს, მაგალითად, იმერეთს ან სამცხე-ჯავახეთს, ეყოლება მხოლოდ ერთი მანქანა, რაც არის წარმოუდგენელი იმიტომ, რომ რეგიონის შემადგენლობაში ძალიან ბევრი რაიონული ცენტრია და, შესაბმისად, ეს ერთი მანქანა ვერ გაწვდება ყველას და სურათს ნამდვილად ვერ შეცვლის”, – ამბობს ქეთი ხუციშვილი.

ქეთი ხუციშვილი სამინისტროს მიერ შეპირებულ ხელფასის ზრდის შესახებ განმარტავს, რომ 2020 წლამდე დიდი დროა, ამ პერიოდის განმავლობაში კი სოცმუშაკებს ისევ თავისი რესურსით მოუწევთ თავიანთი საქმიანობის შესრულება, რისი საშუალებაც მათ აღარ აქვთ.

რაც შეეხება კადრების დამატებას, ხუციშვილი გვიყვება, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვაკანსია 30 კადრზე არის არა სოციალური მუშაკების დამატება, არამედ ამჟამად არსებული დანაკლისის შევსება.

“სატრანსპორტო ბარათებზე შეღავათი, რეალურად, არის დაცინვა – უპირველეს ყოვლისა, ეს შეღავათი მოქმედებს მხოლოდ თბილისში, ისიც მხოლოდ ავტობუსსა და მეტროში. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეღავათი სამარშრუტო ტაქსებზე არ მოქმედებს, მეტროთი და ავტობუსით კი შეუძლებელია, სოციალური მუშაკი იყოს მოქნილი.

შეუძლებელია, ამით დროულად მიხვიდე სადმე და ქმედითი იყოს რეაგირება. შესაბამისად, ესეც არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებად – პირიქით, ისიც ვერ გააკეთეს, რომ სამარშრუტო ტაქსიშიც ყოფილიყო ეს ბარათი მოქმედი და სამარშრუტო ტაქსიში მაინც შეძლებოდათ სოციალურ მუშაკებს შეღავათით სარგებლობა. მით უმეტეს, რომ რეგიონში ხშირად საერთოდ არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი და ამ ადამიანებისთვის არაფერი შეიცვლება ამ კუთხით”, – გვიყვება ქეთი ხუციშვილი.

რაც შეეხება იურისტების დამატებას, ხუციშვილი დასძენს, რომ ამ დროისთვის 12 იურისტი დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ფსიქოლოგის დამატება უკომპრომისო მოთხოვნაა.

“თბილისში არის ერთადერთი ფსიქოლოგი და გვეუბნებიან, რომ კიდევ ერთს დაამატებენ, რაც საერთოდ არ აისახება საქმეზე, თუმცა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სრულდება. ისე გვევაჭრებიან კადრებზე, გეგონება, სოცმუშაკები თავისთვის და თავისი შვილებისთვის ითხოვენ ფსიქოლოგებს”, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

ამ თემაზე გირჩევთ:

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი