ახალი ამბები

სოცმუშაკების მოთხოვნების ნაწილი შესრულებულია, სრულდება და არსებობს გეგმა – სამინისტრო

27 მარტი, 2019 • 1526
სოცმუშაკების მოთხოვნების ნაწილი შესრულებულია, სრულდება და არსებობს გეგმა – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იმ მოთხოვნების ნაწილი, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა.

სამინისტროს თქმით, მათი “უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს”.

უწყების განცხადებით, სოციალური მუშაკების გაძლიერება 2018 წლიდან დაიწყო.

“ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია.  საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით   სარგებლობენ” , – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს 27 მარტის განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ 1 ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზია, რომელიც  გააჩენს შესაძლებობას, გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე, რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, იგეგმება 12 იურისტის დამატება. გარდა ამისა, 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე.

“ასევე, იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით, 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს – 1500 ლარამდე”, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ. მის განცხადებას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

რატომ გაიფიცნენ სოციალური მუშაკები

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო.

თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევთ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.

წაიკითხეთ ვრცლად:

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

მასალების გადაბეჭდვის წესი