ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დაუშვებელია ადამიანი კვდებოდეს იმის გამო, რომ ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვზე

19 სექტემბერი, 2014 • • 921
ღარიბაშვილი: დაუშვებელია ადამიანი კვდებოდეს იმის გამო, რომ ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვზე

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო 2015 წლის ზღურბლთან იმყოფება, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ათასწლეული განვითარების მიზნებს, რათა მეტი შედეგების მისაღწევად უკეთ გამოვიყენოთ ის მცირე დრო, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნების ვადის ამოწურვამდე დარჩა. მოგეხსენებათ, 2000 წელს, ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე, მსოფლიო ლიდერები ძალიან კეთილშობილი და ამბიციური მიზნების გარშემო გაერთიანდნენ – ეს იყო მსოფლიოში სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა; უნივერსალური განათლება; ქალთა თანასწორობა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა – ეს ათასწლეულის განვითარების მიზნების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია. მაშინ ათასწლეულის სამიტმა მსოფლიო ისტორიაში ლიდერთა ყველაზე ფართობასშტაბიან შეკრებას უმასპინძლა და შედგა შეთანხმება, რომ ქვეყნები ძალღონეს არ დაიშურებდნენ, რათა 2015 წლისათვის ეს მიზნები მიღწეული ყოფილიყო. ამ შეთანხმებას საქართველოც შეუერთდა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი” –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ათასწლეულის განვითარების 8 მიზანი საქართველოსათვის მარტო იმიტომ არ არის აქტუალური, რომ საქართველო, როგორც მოწინავე მსოფლიოს ნაწილი, უფრო აყვავებულ, განათლებულ და უსაფრთხო გარემოს ესწრაფვის:


“საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა სიღარიბის დაძლევის, საყოველთაო განათლების, მეტი თანასწორობის, ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის, უსაფრთხო გარემოსა და გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბების გზით საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა. ეს ჩვენ 2014 წლის ივნისში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერითაც დავამტკიცეთ, როდესაც საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, რომ იზიარებს დემოკრატიის, ჰუმანურობის, ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის პრინციპებს. საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ ხანებში განხორციელებული ინიციატივები და რეფორმები სრულად ასახავს ამ სულისკვეთებას. ჩვენ მიერ შემოღებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური დაცვის სქემები და საკვების მიკროელემენტებით გამდიდრების პროგრამები, სკოლამდელი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისათვის განხორციელებული რეფორმები, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა და ინიციატივა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობის სტიმულირებას ისახავს მიზნად, იმ რეფორმების არასრული ჩამონათვალია,რომლებიც სწორედ ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. ჩვენთვის დაუშვებელია, დღეს საქართველოში კვდებოდეს ადამიანი იმის გამო, რომ ხელი არ მიუწვედება ჯანდაცვაზე; იღუპებოდეს ჩვილი, რადგან მისი სრულფასოვანი კვება ვერ ხერხდება; წინსვლის საშუალება არ ეძლეოდეს ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია” – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

პრემიერ–მინისტრის შეფასებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, რომელმაც დაზღვევის არმქონე ყველა საქართველოს მოქალაქე უზრუნველყო სამედიცინო მომსახურებით.


“ამჟამად მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში ხარისხის მართვის ერთიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით. გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის დახვეწის მიმართულებით, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების ასახვისა და სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობის ზრდის მიზნით. პრაქტიკულად დამარცხებულია მალარია, ხოლო მნიშვნელოვნად შემცირებულია ტუბერკულოზის ახალი შემთხვევებით ავადობა; განახევრებულია დედათა სიკვდილიანობა” – განაცახადა ღარიბაშვილმა. 

 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, განათლება ქვეყნის განვითარების ყველაზე მყარი და მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, ჩვენ განათლებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების საფუძველზე სკოლამდელი აღზრდა უფასო გახდა, ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელებით თითქმის 60%-მდე შემცირდა ოჯახის წლიური დანახარჯები ზოგად განათლებაზე. ეტაპობრივად იხსნება ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რათა გაიზარდოს პროფესიული განათლების გეოგრაფიული არეალი და, შესაბამისად, ამ განათლებისადმი მისაწვდომობა.

 

“ჩვენი უშუალო ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო განათლების ცენტრი ემსახურება სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც საჯარო სექტორში დასაქმდებიან და საკუთარ წვლილს შეიტანენ საჯარო მმართველობაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლებას: 2012წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდა. 2014 წელს შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოფიციალური შვებულება ორსულობასთან, მშობიარობასა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა შვებულების დღეების რაოდენობა, მათ შორის ანაზღაურებული შვებულების დღეების რაოდენობა და თანხა” –განაცხადა ღარიბაშვილმა. 


ირაკლი ღარიბაშვილი - EPA/HANNIBAL HANSCHKE
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/HANNIBAL HANSCHKE

მასალების გადაბეჭდვის წესი