ახალი ამბები

ვთვლი, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი უნდა გაიზარდოს – დეპუტატი რომან კაკულია

25 მარტი, 2019 • 3717
ვთვლი, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი უნდა გაიზარდოს – დეპუტატი რომან კაკულია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი უნდა გაიზარდოს.

კაკულია განმარტავს, რომ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც პარლამენტს საზოგადოების წინაშე აქვს, თვეში 4 ათასი ლარი ადეკვატური არ არის. მისივე თქმით,  უბრალოდ, ეს მისი აზრია და შესაბამისი ცვლილებებისთვის პარლამენტისთვის მიმართვას არ აპირებს.

“თუ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, პარლამენტარს ვისზე ნაკლები პასუხისმგებლობა აქვს?! თუ ვინმეს რაიმე მოტივაცია აქვს, რის გამოც ამ თემაზე ვერ საუბრობს, ეს მათი საქმეა. არიან პარლამენტის წევრები, ვისთვისაც ხელფასის საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია. იმედი არ მაქვს, რომ ხელფასის გაზრდას მხარს დაუჭერენ, რადგან პარლამენტის წევრების დიდი ნაწილი ვერ იპოვის იმ ძალას, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს.  ვთვლი, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს. უნდა გავითვალისწინოთ პასუხისმგებლობა და გარკვეული ცდუნებების საკითხი. სწორედ ამას ასახელებენ მთავარ არგუმენტად, მაგალითად, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შემთხვევაში. მათზე არანაკლები, თუ მეტი არა, ცდუნება შეიძლება იყოს პარლამენტარის შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. სად არის აქ ლოგიკა?! რომელიმე სიიპ-ის ან დეპარტამენტის უფროსს რომ აქვს პარლამენტის წევრზე მეტი ხელფასი, მგონი, ლოგიკური არ არის”,-უთხრა ნეტგაზეთს რომან კაკულიამ.

პირველი არხის ინფორმაციით, დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდის აუცილებლობაზე კაკულიამ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ვაკანსიის კონტექსტში ისაუბრა. დღეს გამოცხადებული ამ ვაკანსიის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრის წლიური ხელფასი 60 000 დოლარი იქნება.

“მაშინ როდესაც პარლამენტის ხელფასი არის ის, რაც არის, ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური. მაშინ დავფიქრდეთ, ზოგადად, ადეკვატურობაზე, პასუხისმგებლობასა და, ზოგადად, საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე”, – აღნიშნა კაკულიამ 1TV-ის ცნობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი