ახალი ამბები

კაკულია გლობალისტებზე, მსოფლიო მმართველობასა და ოპოზიციაზე

19 მაისი, 2020 • 1571
კაკულია გლობალისტებზე, მსოფლიო მმართველობასა და ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფიქრობს, რომ ამჟამინდელი “ძირითადი ოპოზიცია” გლობალისტური ძალების მხარდაჭერით სარგებლობს, რომელიც მათ ჯერ კიდევ 2003 წელს მიიღეს, როდესაც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ხელისუფლება. ამის შესახებ კაკულიამ პოსტვ-ის ეთერში ისაუბრა.

კაკულია აცხადებს, რომ ის არ მიესალმება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას და ფიქრობს, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ამომრჩეველმა იცოდეს, რა მოცემულობა არსებობს ქვეყანაში არჩევნების წინ.

მისივე თქმით, გასარკვევია ის, ვინც ეხმაურება ამ პროცესებს, რამდენად გამოხატავს ზოგადად დასავლეთის პოზიციას, თუმცა “ამის ალბათობა არსებობს, რომ ეს [დასავლეთის] ზოგად პოზიციასა და დამოკიდებულებაში გადაიზარდოს”. მისივე თქმით, იქამდე მივიდა საქმე, რომ არ იცის, დასავლეთმა მეტი რაღა უნდა გააკეთოს?! მისივე განცხადებით, შემოდიან და ისეთ კარზე აკაკუნებენ, რაც არ არის სწორი.

“საზოგადოების წინაშე დგას ეს არჩევანი, რომ ის ან ჩაიხედავს მთლიანობაში, ან დიდი შეცდომა იქნება დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც წლები დასჭირდება. ჩვენ აუცილებად უნდა გავითვალისწინოთ, რა პროცესები მოხდა 2012 წელს, ისე ვერ გავაანალიზებთ ამას. როდესაც იყო გაფართოების დიდი პერსპექტივა და აუცილებლობა, გასაგებია, რომ 90-იან წლებში დამთავრდა თითქოს დაპირისპირება, როცა ერთმა მოდელმა თითქმის შეწყვიტა არსებობ და მეორემ გაიმარჯვა. მერე ეს ეიფორია გამარჯვების და ერთადერთობის იმ ვერსიის, ანუ  სოციალური-დემოკრატიული განვითარების, თითქოს 15 წელი არც კი იწვევდა შეკითხვას… შემდეგ დაიწყო რაღაც ბზარები, ამასობაში რუსეთიც მოძლიერდა და მსოფლიომ კვლავ დაინახა მზარდი საფრთხე, რაც რუსეთის სახით ვითარდება და მოდის, ამიტომ [დაიწყო] დემოკრატიის გაფართოება, ასე იყო ეს და სწორი იყო, რომელშიც საქართველო… აქ 2003 წელს ცვლილებები აუცილებელი იყო და აქ უნდა მოძებნილიყო ისეთი ხალხი, რომელიც ფეხს აუწყობდა… იმ მომენტში ვინც შესთავაზა საკუთარი თავი მათ ამ ფუნქციით… ამ ადამიანების დიდ ნაწილს შეიძლება არც ჰქონდა განზრახვა, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების საკუთარის საწინააღმდეგოდ, მაგრამ როცა სხვა ქვეყანა ასე აქტიურად მონაწილეობს შენს ხელისუფლებაში მოსვლაში, იმას ადრე თუ გვიან ექნება თავისი მოტივაცია და შენ იქნები მოწყვლადი, მყარად დადგე შენი ინტერესების დასაცავად. აქ ის კი არ არის, ვინ ძლიერია და ვინ არა, იმას კი არ ვამბობ, რომ აშშ საქართველოში რაიმე ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოს განახორციელებს, უბრალოდ, აშშ არ არის ვალდბეული ყველა ნიუანსი გაითვალისწინოს, რაც შენს ინტერესებში შედის. ეს შენ უნდა გააკეთო, შენ უნდა შეახსენო, რა არის შენი ინტერესი”, – აცხადებს რომან კაკულია და შემდეგ ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას მსოფლიო მმართველობის მიზნის შესახებ.

“როცა ეს შეთავაზება მოხდა და ამ ადამიანებმა ხელისუფლება აიღეს [ხელში], წინა ხელისუფლება მაქვს მხედველობაში, მათ მიიღეს ისეთი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაც, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა მოტივაციის გამო განეიტრალდნენ, მაგრამ გლობალიზაციის და გაფართოების ის მოდელი, რომელიც მოდერნიზაციას განიხილავს სწორედ იმ კრიტერიუმებში, რომელიც შემოთავაზებული იყო… ჩვენ როცა ამ ოპოზიციას ვუსმენთ, უნდა ვიცოდეთ, რა მოდელია ეს, არის მოდელი, რომელიც არ აღიარებს საზღვრებს, რომელიც შეიძლება დღეს არ საუბრობენ, მაგრამ მიდის მსოფლიო მმართველობისაკენ, რომლისთვისაც ნაციონალური და ეროვნული სახელმწიფოები უკვე წარმავალი იდეაა. ამ ყველაფერს უკვე დასავლეთშიც დიდი ოპოზიცია ჰყავს, ამიტომ ის ადამიანები, ვინც ამის ერთგულები რჩებიან, ცხადია, ეძებენ აქაც იმათ, ვინც ამ იდეების ერთგულები დარჩებიან სამარადისოსდ, რათა მათზე დამოკიდებულები იყვნენ. მათ შორის, ვისაც გულწრფელად სჯერა, ღმერთმა გაუმარჯოს. მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ მხარდაჭერის ეს ინსტრუმენეტები, რომლებიც ახლა გამოკვეთილია ცოტა უცნაური ფორმით, მაგრამ თუ არ გავიგებთ, რომ ამის უკან დგას ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გლობალური სამყაროს განვითარებისა და მათ შორის საქართველოს ჩართულობის იმ მოდელს განიხილავენ, როცა აქ ჯობია იყოს ხელისუფლება, რომელიც ზედმეტ შეკითხვას არ დასვამს და არის ბოლომდე მხარდამჭერი იმ იდეის, რომლისთვისაც საზღვრები აღარ არის საჭირო, ლოკალური კულტურები არის დამატებითი შემაფერხებელი იმისათვის, რომ გლობალიზაცია განვითარდეს. ანუ მართვადი ხელისუფლება, რომელიც აღიარებს რა მსოფლიო ერთიანი მმართველობის სისტემას, მზად არის დათმოს სამომავლოდ მსოფლიო მმართველობის სასარგებლოდ. პირდაპირ ვთქვათ, შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის დათმოს საკუთარი პოზიციები მსოფლიო მმართველობის სასარგებლოდ”, – აცხადებს რომან კაკულია.

“ვიღაც ამას შეთქმულების თეორიებს ეძახის, ვიღაც მასონების კლუბზე საუბრობს. გინდა მასონების კლუბი დაარქვი და გინდა კლუბი C, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ეს იდეა მუშაობს და მას დიდი მხარდამჭერები ჰყავს”, – ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ თუ ასე გაგრძელდა, “ბოლოშიც გავა [ეს პროცესი]”. კაკულია ხაზს უსვამს, როგორ “ფანატიკურად იცავენ” ერთმანეთს პოლიტიკოსები “საზღვარს იქით და საზღვარს აქეთ”.

კაკულია იმედს გამოთქვამს და დარწმუნებულია, რომ ეს ძალები დასავლეთში უმრავლესობას არ წარმოადგენენ. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება არჩევნებზე ეტყვის დასავლეთს, რომ იცის აქ ვინ ვინ არის, მიუხედავად “ქართული ოცნების” ხარვეზებისა და შეცდომებისა. თუმცა, მისი თქმით, “ძირითად ოპოზიციაში” მყოფი ის ადამიანები, ვინც დღეს ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს, ისინი არიან, ვისაც ჯერ კიდევ კბილებში ადამიანის ხორცი აქვთ შერჩენილი. ამასთან, კაკულიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სხვებთან შედარებით დამოუკიდებლობის უფრო მეტი ხარისხი აქვს.

“გვიპირისპირდებიან ის ექსპერტები, ის საზოგადოება, რომელიც ძველ ტალღასთან იყო დაკავშირებული. ბატონი კუბილიუსის წერილი იყო ახლა, ბატონი კუბილიუსის ევროპა, დარწმუნებული ვარ, თავად ევროპას აღარ ენდომება 2-3 წლის შემდეგ, რადგან ის იმ ფილოსოფიის გამაგრძელებელია, რაზეც მე ვსაუბრობ, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ინდივიდი გაჰყავს პოლიტიკიდან, და ჩვენ აქამდე თუ არ მივედით და ეს დიალოგები თუ არ შედგა ჩვენ შორის, ძალიან ცუდია”, – ამბობს კაკულია და დასძენს, რომ ეს დიალოგი იდეოლოგიურ საკითხებზე ენმ-ის მხარდამჭერებთანაც უნდა შედგეს საქართველოს შიგნით.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქამდე რატომ ვერ მოხერხდა ამ ტიპის დიალოგის წარმართვა საზოგადოებაში, კაკულია პასუხობს:

“იმიტომ, რომ ბრძოლის რეჟიმიდან ვერ გამოვედით, მე იმიტომ არ მომეწონა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავთმეთ, მათ რაიმე დათმეს? 2012 წლიდან სულ მაგათი დათმობის მოლოდინშია ეს ქვეყანა. ათასში ერთხელ ახსენებენ, რაღაც შეცდომები და გადაცდომები გვქონდაო, როცა არავითარი შინაგანი ცვლილების მოტივაცია არ აქვს, რომ დაინახოს, რა შეცდომებიც იყო. მარტო იმ იდეოლოგიამდე ჩამოვიდეთ და შევიდეთ  იმ იდეოლოგიურ საუბარში. ახლა მე თუ არ მჯერა ერთიანი, გლობალისტური მსოფლიო მთავრობის, სადაც კულტურა არაფერს აღარ ნიშნავს და ეროვნება არაფერს აღარ ნიშნავს – თქვენ თუ გჯერათ, მოდით, ამაზე ვიკამათოთ და გავარკვიოთ, ამ ქვეყანაში უფრო მეტ ადამიანს რა სჯერა”, – აცხადებს კაკულია და დასძენს, “სანამ ამ დიალოგში არ შევალათ ერთმანეთთან, რა სახელმწიფოზეა საუბარი, ერთმანეთს ვჭამთ”.

გადაცემა სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი