სოცმუშაკების სამუშაოს ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლები ასრულებენ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, სოციალური მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, სოციალურად დაუცველები სახელმიწფოსგან სერვისებს შეუფერხებლად იღებენ.

მისივე თქმით, გაფიცულების მოვალეობას ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ასრულებენ.

“ყველას ვარწმუნებთ, რომ სოციალური პროგრამების არცერთ მოსარგებლეს შეფერხება არ ექნება. მათ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება იქამდე, მანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ იქნება. რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ გაფიცვით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ რეალური სამოქმედო გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ის რეალური პრობლემები, რაც მათ აქვთ  და ეს უკვე მათი გადასაწყვეტია”,-აცხადებს დავით სერგეენკო.

სოციალური მუშაკი ქეთი ხუციშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლები ჩაანაცვლებენ.

“სოციალურ მუშაკებს რომ  სხვა სპეციალისტებით ჩაანაცვლებენ, ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და განცხადება. მეტიც, ეს არის შეურაცხყოფა სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის. შეურაცხყოფაა, ზოგადად, ბავშვთა და ადამიანის უფლებების, რადგან ვინ უნდა იმუშაოს სოციალური მუშაკის ნაცვლად- იურისტმა; ფსიქოლოგმა თუ კანცელარიის მუშაკმა? ჩვენ ვიხვეწებით ფსიქოლოგს ბავშვისთვის, რომელიც გაუპატიურების მსხერპლია, ისინი გვეუბნებიან, რომ დაამატებენ ერთ ფსიქოლოგს. ანუ, თუ ბავშვი ფსიქოლოგს აქამდე ელოდებოდა 7 თვე, ახლა 3-5 თვე მოუწევს ლოდინი. ეს არის დაცინვა”,-ამბობს ქეთი ხუციშვილი.

სოციალური მუშაკები დღეს, 25 მარტს, გაიფიცნენ. დილიდან ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან ბანერებითა და პლაკატებით შეიკრიბნენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან. 7 საათზე კი კანცელარიასთან სოცმუშაკთა მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

სოცმუშაკები წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

მათ 21 მარტს სამინისტროში გაფიცვის შესახებ განცხადება შეიტანეს და განმარტეს, რომ კანონის მიხედვით, გაფიცვის შესახებ სახელმწიფოს 3 დღით ადრე აფრთხილებდნენ. სოცმუშაკებმა გააფრთხილეს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან.

მათი თქმით, გამონაკლისის სახით მივლენ მხოლოდ იმ გამოძახებებზე, როცა მოხუცზე, შშმ პირსა და ბავშვზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.