ახალი ამბები

რისი თქმა სურს გიორგი ბარამიძეს ჟვანიას საქმეზე სასამართლოში

16 სექტემბერი, 2014 • • 1859
რისი თქმა სურს გიორგი ბარამიძეს ჟვანიას საქმეზე სასამართლოში

გია ბარამიძის “ჩვენება”

ვახტანგ კომახიძის სტუდია რეპორტიორის მიერ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მომზადებულ დოკუმენტური ფილმში, “ტყვიის გარეშე” – მოყვანილია საქმის მასალები, რისი მიხედვითაც ჟვანია გარდაცვლილი პირველად მისმა დაცვის წევრმა, მიხეილ ძაძამიამ აღმოაჩინა: მას შემდეგ, რაც ექსპრემიერმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ძაძამიამ ფანჯარაში შეიხედა და დაინახა სავარძელში მჯდომი ჟვანია, რომელიც ყვირილზე არ რეაგირებდა. ფილმში მოყვანილი მასალების თანახმად, დახლოებით 03:34 საათზე ძაძამიამ დაცვის უფროსს, კობა ხარშილაძეს ტელეფონზე დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა, იგი ბინაში 04:00 საათზე მივიდა და ფანჯრის დამცავი ჟალუზი შეამტვრია. შესაბამისად, გარდაცვლილები პირველად სწორედ ძაძამიამ და ხარშილაძემ ნახეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ძაძამიამ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ როდესაც ისინი ბინაში შევიდნენ, ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნეს და ხარშილაძემ მას გამათბობლის [ნიკალას ფირმის] გამორთვა სთხოვა. ამ ვერსიაში ზემოხსენებული ფილმის ავტორს ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ წესით, დაცვის წევრებს გაზის სუნი არ უნდა ეგრძნოთ, რადგან იმ ნივთიერებას, რომლითაც ოფიციალური ვერსიით ექს–პრემიერი და რაულ იუსუპოვი მოიწამლნენ, სუნი არ აქვს, ამასთან, ბინას გაზის მიწოდება ერთი საათით ადრე შეუწყდა ტექნიკური პრობლემების გამო, სანამ ძაძამია და ხარშილაძე შევიდოდნენ იქ.

 

გია ბარამიძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, იგი [ვანო მერაბიშვილთან ერთად] პირველი ადამიანი იყო, ვინც ძაძამიას და ხარშილაძის შემდეგ ექსპრემიერის ცხედარი ნახა, თუმცა მას გაზის სუნი არ უგრძვნია. დეპუტატმა თავდაპირველად განაცხადა, რომ იგი იყო პირველი, ვინც დაცვის წევრების შემდეგ ბინაში მივიდა, თუმცა შემდეგ დააზუსტა, რომ ეს ვანო მერაბიშვილთან ერთად გააკეთა. ბარამიძის თქმით, მას ხარშილაძემ დაურეკა და მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა. ბარამიძე ზუსტად ვერ იხსენებს, რომელ საათზე დარეკა მასთან ჟვანიას დაცვის უფროსმა და ამბობს, რომ ეს გამთენიისას მოხდა. ვანო მერაბიშვილმა პრესკონფერენცია, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას პრემიერის გარდაცვალება ამცნო, 08:00 საათზე გამართა. ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს, ზამთარში გარდაიცვალა.

“თავიდან როცა დამირეკა და მითხრა, ზურა აღარ არისო, მეგონა მთვრალი იყო და შევაგინე კიდევაც, რა სისულელეს მეუბნები-მეთქი და ყურმილი დავუკიდე. მერე კიდევ გადმომირეკა. მთვრალი არ ვარ, არ გეხუმრები და მართლა ასე მოხდაო”, – ამბობს ბარამიძე და დასძენს, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაუკავშირდა და იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაიცვალა, მასთან ერთად მივიდა ექსპერტ-კრიმინალისტებზე ადრე:

“შევხვდით [მე და მერაბიშვილი] და ერთად მივედით. მე წყნეთიდან ჩამოვდიოდი, ვანო თავის სახლიდან მოდიოდა, გზაში შევხვდით და ერთდროულად მივედით. მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ შინაგან მინისტრისთვის დამერეკა, ასეთი ამბავი რომ გავიგე პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ერთად მივვარდით იქ”, – ამბობს იგი.

დეპუტატი ვერ იხსენებს, შს მინისტრმა მერაბიშვილმა პირველად მისგან შეიტყო ჟვანიას გარდაცვალების ამბავი, თუ სხვა წყაროსგან:

“შეიძლება, ვანოს კიდევ სხვებისგან ჰქონდა დარეკილი, მაგდენი აღარ მიკითხავს მაშინ, იცოდა თუ არა. აღარ მახსოვს. მე ასე მახსოვს, რომ მე ვუთხარი პირველმა, შეიძლება პრეზიდენტისგან იცოდა მან, არ ვიცი”.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაურეკა ჟვანიას დაცვის უფროსმა პირველად მას და არა სხვას, ბარამიძე ასეთ ვარაუდს გამოთქვამს:

“იმიტომ, რომ ყველაზე ახლო მეგობარი (ერთ-ერთი) მე ვიყავი და ბუნებრივია… ვიღაცისთვის უნდა დაერეკა და ის ერთი მე აღმოვჩნდი”.

კითხვას, ხომ არ შეამჩნია მან ოთახში რაიმე ისეთი, რამაც ეჭვები გაუჩინა გამოძიების თავდაპირველ ვერსიასასთან დაკავშირებით, დეპუტატი პასუხობს:

“მე ოთახის დათვალიერება არ დამიწყია, ახლოსაც არ მივსულვარ ცხედართან. მაშინ საერთოდ რატომ მივედი? ესეც უცნაურია, დაცვამ რომ დამირეკა, ინსტინქტურად წავედი. როცა მივედი, გავაცნობიერე, რომ იქ შეიძლება კვალი იყოს… მე არც დამიწყია იქ სიარული და დათვალიერება”, – ამბობს ბარამიძე და დასძენს, რომ იმ სახლში მხოლოდ 2-3 წუთი დაჰყო.

 

გია ბარამიძეს, რომელსაც ახლა აქვს სურვილი სასამართლოზე ჩვენების მიცემის, წინა ხელისუფლების დროს მიმდინარე გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია და არც შესაბამისი სურვილი გასჩენია. ნეტგაზეთის კითხვას – რატომ? იგი ასე პასუხობს:

 

“პირველ გამოძიებას და ხელისუფლებას ჩემდამი პრეტენზია არ ჰქონია და ამ ჭორებს არ ავრცელებდნენ. მე რომ რაიმე ისეთი ვიცოდე, მივიდოდი და გამოძიებას დავეხმარებოდი, მაგრამ არაფერი ისეთი არ ვიცი”.

კითხვას, ბოლომდე სჯერა თუ არა მას ჟვანიას გაზით გარდაცვალების ვერსიის, დეპუტატი პასუხობს:

 

“სანამ გამოძიება არ არის დასრულებული, ნებისმიერ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა არსებობს ეფ-ბი-აის დასკვნა, ქართულ გამოძიებას აქვს თავისი აზრი ჩამოყალიბებული, მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ ამ გამოძიებას არ დავუჯერო. ჩვენ ოპონენტებს ჰქონდათ, ხომ? გამოეძიებინათ ამდენი ხანი!”.

“… მე მსურს პროკურატურასთან შეხვედრა თუნდაც სასამართლოზე. ჩემი იდეა რაში მდგომარეობს: სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით და შემდეგაც, სულ ხდება ზურას თემით სპეკულირება, ჭორების გავრცელება, მათ შორის არსებობს ასეთი ჭორი: “გიორგი ბარამიძემ იცის, ვინ არის მკვლელი და მალავს”. ეს მე, როგორც ზურას მეგობარს, შეურაცხყოფას მაყენებს. ოჯახთან ერთად, თუ ვინმეს დაწყდა გული, მე დამწყდა და მე დავკარგე ის ადამიანი. ყველაზე ახლობელ ადამიანს- მასწავლებელს, მეგობარს, ლიდერს- რომ ამ ქვეყნიდან გამოემშვიდობები და შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცაში არასასიამოვნოდ მოგიხსენიებენ, ალბათ წარმოგიდგენიათ, ჩემი მდგომარეობა როგორიც იქნება მთელი ამ წლების განმავლობაში. ესენი [“ქართული ოცნება’] ამბობდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ ამბავს არ იძიებდა და არ ამბობდა რაღაცებს, ახლა მოვიდნენ ხელისუფლებაში… მე “მაესტროს” ეთერით თავიდანვე ვთქვი, რომ თუ რამე კარგი მოხდა 1 ოქტომბერს ჩვენი დამარცხებით, იყო ის, რომ ამ ბინძურ ჭორებს ბოლო მოეღება-მეთქი, იმიტომ, რომ ბურთი და მოედანი  ახლა მათია, გამოიძიონ, გაარკვიონ რა მოხდა, თუ ვინმეა დასაჭერი, დაიჭირონ, ხოლო თუ ვინმესთვის ბოდიშია მოსახდელი – მოგვიხადონ”, – აცხადებს გია ბარამიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

ბარამიძის თქმით, მას უკვირს, თუ მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მან ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით რაღაც იცის, რატომ არ დაკითხეს ამ დრომდე მოწმის სახით:

“მე თავიდანვე ვთქვი: აქ ვარ, არ ვაპირებ გამოვიყენო ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი, დამიკავშირდნენ და რაც ვიცი, ვეტყვი, თუ ჩემგან რაიმე აინტერესებთ. როცა იძახიან, რომ მე რაღაც ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში ხომ უნდა ეკითხათ? ნათელია, რომ ეს ხელისუფლება ამ ამბით სპეკულირებს, მაგრამ გამოძიება არ სურთ, რადგან თუ მართლა გულწრფელად მიაჩნიათ, რომ მე რაღაც ვიცი, მაშინ აქამდე უნდა დავებარებინე”, – ამბობს დეპუტატი.

“მე მივმართე ადვოკატ ბექა ბასილაიას (რომელიც ზურას საქმეზე იცავს კობა ხარშილაძის უფლებებს), რათა მომეცეს შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით ჩვენება მივცე. იმედი მაქვს, სასამართლოში მოსამართლე და ამ საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის შემთხვევაში ისინიც მოისმენენ, რაც მე ვიცი ამ საქმეზე და დასრულდება ზურას გარდაცვალების საქმის პოლიტიკური მიზნებით, ზურას მეგობრებისა და ერთგული თანამებრძოლების წინააღმდეგ უსირცხვილოდ და ცილისმწამებლურად გამოყენება”.


გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჟვანია, 2004 წლის ივნისი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჟვანია, 2004 წლის ივნისი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

გამოძიების შენელებული ტემპი

 

23 სექტემბერს 6 თვე გადის მას შემდეგ, რაც ჟვანიას საქმეზე სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას და დაცვის ცვლის უფროსს, მიხეილ ძაძამიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მიხეილ ძაძამიას კობა ხარშილაძესთან ერთად ამ საქმეზე ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება. ბრალდების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. “მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მიხეილ ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა”. რაც შეეხება ლევან ჩაჩუას, იგი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ. “კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ მარტში გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ პირებს ბრალი 6 თვის წინ წაუყენეს, არსებითი სასამართლო განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა, რასაც ექსპერტ ჩაჩუას ადვოკატი ზურაბ ტაბიძე აპროტესტებს. მისი თქმით, დაკავებულს ოპერაციები აქვს გადატანილი, ამიტომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაა საჭირო:

“ამდენი ხანია პატიმრობაშია და რატომ ჰყავთ არ ვიცი, დავაყენე შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის კუთხით, მაგრამ არ გაიზიარეს. 5000-ლარიან გირაოს ვთავაზობდი, მეტის საშუალება არ აქვს ოჯახს. ამათ მოყავთ არგუმენტები, რომ მიიმალება და ასე შემდეგ, რაც აბსურდია. არსად წამსვლელი და გამქცევი ეს ადამიანი არ არის. ახლა ისევ დავაყენებ საკითხს”, – ამბობს ადვოკატი და დასძენს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

ადვოკატის თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყება უკვე რამდენჯერმე გადაიდო პროკურატურის მოთხოვნით. ტაბიძის თქმით, ამის მიზეზად გამოძიება გარკვეულ ექსპერტიზებს ასახელებს, რომლის პასუხებიც ჯერ არ ყოფილა.

 

რატომ არ მოხდა ცხედრების ექსგუმაცია

 

2014 წლის იანვარში, მედიასთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, არის საუბარი ექსგუმაციაზე და იმისათვის, რომ არ გაჩნდეს რაიმე კითხვები და ეჭვები საზოგადოებაში, პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას გეგმავს.

 

“ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს პროკურატურა. ისინი მართლაც იმსახურებენ შექებას. ფარცხალაძის მეთაურობით მოკლე დროში ძალიან ბევრი მნიშნველოვანი საქმის განახლება მოხდა. არის საუბარი ექსგუმაციაზე, და იმისათვის, რომ არ გაჩნდეს რაიმე კითხვა და ეჭვები, პროკურატურა გეგმავს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, ამ განცხადებიდან 8 თვის შემდეგ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. 



ამა წლის მარტში ექსპრემიერის მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი ცხედრის ექსგუმაციას დათანხმდებოდა, თუმცა, მისი თქმით, არსებობდა ეჭვი, რომ საქმის ის მასალები, რომელსაც ქართული მხარე გამოძიების ფედერალურ ბიუროს უგზავნიდა, გაყალბებული იყო. 15 სექტემბერს ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ გვითხრა, რომ პროკურტაურამ საქმეში არსებული მასალები და მტკიცებულებები ისრაელში გადაიგზავნა დამატებითი ექსპერტიზისათვის, რის შედეგადაც უნდა გაირკვეს, საჭიროა თუ არა ექსგუმაცია, თუმცა ექსპერტიზის შედეგები მისთვის ამ დრომდე უცნობია:

 

“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ექსპერტიზა მიდის ძალიან ნელა.  ამ მასალებზე, რომელიც ისრაელში გაგზავნეს, ჯერ პასუხები არ არის ჩამოსული. სანამ ეს არ ჩამოვა, დამატებით პროცედურებს ვერ იწყებენ. ეს ძალიან ცუდია იმიტომ, რომ გამოძიება გაიწელა და სასამართლოებიც იწყება იმ ადამიანების, რომელიც დაკავებულები არიან და ეს შექმნის უხერხულობას, მაგრამ რა ვქნათ, ეგრეა. ყველა მასალა ხელახალ ექსპერტიზაზეა გაგზავნილი და სანამ ეს პასუხები არ იქნება, გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა ექსგუმაცია, ვერ იღებენ”, – ამბობს ქადაგიძე.

 

ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ახალი ხელისუფლების პირობებში განახლდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი