დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პრეზიდენტის ქმედებების გამო მთელი გუნდი დაბნეულია. უსუფაშვილის თქმით, დაბნეულობას ვერავის ატყობს:
“დაბნეულობას ვერავის ვატყობ. ამ შემთხვევაში უფრო შეიძლება ისაუბრო გარკვეულ გულისწყვეტაზე იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ თემებზე აზრთა სხვადასხვაობა ზოგ შემთხვევაში ალბათ გასცდა სასურველ ფარგლებს. იმიტომ, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, გვინდა პრულარისტული დემოკრატია, ჩვენ აღარ გვინდა ერთ პირზე მოწყობილი ცხოვრება, მაგრამ ამასობაში იმ ტიპის დებატები და განსჯა გვინდა პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც შედეგიანია, რომელსაც უკეთესი გადაწყვეტილებისკენ მვიყავართ და არა დავა და გაუგებრობა იმაში, ვის რა კომპეტენცია აქვს და ა.შ. ამ ნაწილში გარკვეული გულისწყვეტა არის, მაგრამ მე ამას კლასიკური გაგებით დაბნეულობას ვერ დავარქმევდი,”– განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტსა და ხელისუფლების დანარჩენ შტოებს შორის გადაუჭრელ პრობლემას ვერ ხედავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ უნდა წასულიყო გაეროს სამიტზე მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უსუფაშვილი პასუხობს:
“დღეს მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, ძველი კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა ანგარიშვალდებული იყო პრეზიდენტის და პარლამენტის წინაშე. აქედან გამოდის ის, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში იმ დოზით, იმ ფორმით, იმ ხარისხით და იმ დონეზე მონაწილეობს, როდესაც საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ეხება საქმე, რაზეც მთავრობა იქნება თანახმა, რაშიც მთავრობას დასჭირდება პრეზიდენტის დახმარება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასობაში პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, არის სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, მას სრული უფლება და საშუალება აქვს მოგზაურობის, შეხვედრების თავის კოლეგებთან, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ იმ შეხვედრებისას თუ მთავრობისგან არ აქვს თანხმობა იმაზე, რომ, დავუშვათ, ვილაპარაკოთ ბიზნესკონტაქტების გაღრმავებაზე, ან, მოდი, გავაფორმოთ შეთანხმება უვიზო რეჟიმზე და ა.შ. ეს ის საკითხებია, რომელიც მთავრობის და პარლამენტის კომპეტენციაშია. ორი ტიპის ვიზიტი შეიძლება იყოს, მაგალითად, პოლონეთში, ეს არის, როდესაც ის იქ ჩადის როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაღაც დღესასწაულს ულოცავს, გასვენებაა სერიოზული პოლიტიკოსის, მაგრამ თუ პრეზიდენტი მიემგზავრება სავალუტო ფონდის პრეზოდენტთნ შეხვედრაზე, ეს სისტემატიკაა, რომელიც მთავრობის კომპეტენციაა და მთავრობისგან ან უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ან თანხმობა უნდა იყოს. მთავრობა უნდა თვლიდეს, რომ ეს საჭიროა. ყველამ უკეთ უნდა წავიკითხოთ კონსტიტუცია, ეს მხოლოდ პრეზიდენტს არ ეხება, იმიტომ, რომ რა უფლებამოსილებაც აქვს პრეზიდენტს, უნდა იყოს შესრულებული და უზრუნველყოფილი, მას ბევრი სერიოზული, ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს. “