“მივესალმები დღეს, ქობულეთში, ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყებას. ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქენი ვართ, ერთნაირად ვესწრაფით მშვიდობიან თანაცხოვრებას და ნათელ მომავალს საკუთარი შვილებისთვის. და იმისათვის, რომ ასეთ მომავალს საფრთხე არ დაემუქროს, უდავოა: რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი ცხოვრებისეული თუ სამოქალაქო პოზიციები, გონივრულ კომპრომისს, ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. ვფიქრობ, დღეს ორივე მხარემ გადადგა ისეთი ნაბიჯი, როგორიც ეკადრება ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, დიდ კულტურას, რომლის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა ერთ გოჯ მიწაზე აგებული მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა. თითოეულ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა, გააგრძელოს ეს ტრადიციები, გააძლიეროს ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ისტორია შექმნა, პატივი სცეს წინაპართა ნათელ ხსოვნას, რათა საქართველო მარად იყოს ისეთი, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: „მშვიდობის-მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა,”- აღნიშნულია განცხადებაში.
10 სექტემბერს ქობულეთში მშენებარე მუსლიმურ მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს.