დღის ბოლოს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აგარელებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მივიდა, ხოლო მისი დაპირებების შემდეგ აქცია შეწყდა.
ბიზნესომბუდსმენისგან აგარელებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა პირობა მიიღეს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, საკითხები შეჯერდება და დაახლოებით ორ თვეში ქარხანა სრულად ამუშვდება.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, 80 ადამიანს საბანკო კრედიტი უახლოეს მომავალში გადაუვადდება, ქარხნის ამუშავების შემდეგ კი “აგარის შაქრის” 500-ვე თანამშრომელი სამსახურში აღდგება.
“იმისთვის, რომ ქარხანამ მუშაობა გააგრძელოს, საკითხები დაისვა; რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან კომპანიამ იმისთვის, რომ არამომგებიანობის თემა მოიხსნას და ქარხანამ მუშაობა განაგრძოს. ახლა ეს შეხვედრა ამ წინადადებების გაზიარებით დასრულდა. იმ კვირის დასაწყისამდე კიდევ არის დეტალური საკითხები დასაზუსტებელი, თუ რა პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა. მზაობა, რომ ქარხანამ მუშაობა დაიწყოს, სადღაც, თავისი მოსამზადებელი პერიოდიანად, არის 1.5 – 2 თვის ფარგლებში,” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ აგარელებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
- აგარის ქარხნის თანამშრომლების მსვლელობა სამი დღის წინ დაბა აგარიდან დაიწყო. ქარხნის თანამშრომლებმა 110 კილომეტრი ფეხით გაიარეს და თბილისში გუშინ, 19 აპრილს, გვიან ღამით ჩამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა აგარის შაქრის ქარხნის ამუშავებაა, რომელიც 7 თვის წინ დაიხურა.
- ვრცლად აგარის ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.