ნეტგაზეთი | გვაქვს ეჭვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენზე ზეწოლას ცდილობს – სოცმუშაკების განცხადება გვაქვს ეჭვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენზე ზეწოლას ცდილობს – სოცმუშაკების განცხადება – Netgazeti
RU | GE  

გვაქვს ეჭვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენზე ზეწოლას ცდილობს – სოცმუშაკების განცხადება

წინასაგაფიცვო პროცესში მყოფმა სოცმუშაკებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც განმარტეს, რომ მათი ეჭვით, ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკებზე ზეწოლას ცდილობს.

როგორც მათ განმარტეს, დღეს, 17:00  საათზე, მედიაციის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო სოცმუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. აქამდე სამინისტროს კონტაქტი მხოლოდ საინიციატივო ჯგუფთან ჰქონდა.

თუმცა სოცმუშაკები ამბობენ, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ზემოხსენებული შეხვედრა უნდა გამართულიყო, მედიაციის პროცესის გვერდის ავლით სამინისტრო “ავალდებულებს რაიონული სევრისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან”.

“აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ეს ქმედება წარმოადგენს მედიაციის პროცესისადმი და პროცესში ჩართული სოცმუშაკებისადმი უპატივცემულობას და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მედიაციის შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრთან სავალდებულო შეხვედრის ჩანიშვნა წინასაგაფიცვო პროცესში მყოფ სოცმუშაკებზე ზეწოლას ემსახურება,” – წერია სოცმუშაკების განცხადებაში.

სოცმუშაკები ასევე დასძენენ, რომ სამინისტროს ეს ქმედება არათუ იწვევს რიგ ეჭვებს, არამედ რეგიონიდან ჩამოსულ სოცმუშაკებს ართმევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ წინასწარ დაგეგმილ მედიაციის პროცესში.

“ასევე გვაქვს ეჭვი, რომ სამინისტროს სურს, სოციალური მუშაკების ერთსულოვანი პროტესტი წარმოჩნდეს მხოლოდ ცალკეული სოციალური მუშაკების პროტესტად,” – აცხადებენ ისინი.

რთული სამუშაო პირობების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის ბენფიციარებსა და დასაქმებულებს, სოცმუშაკებმა შრომითი დავისა და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე სამინისტროს 2019 წლის 8 თებერვალს მიმართეს. 19 თებერვალს კი დაიწყო მედიაციის პროცესი, რომელიც, როგორც სოცმუშაკები აფასებენ, დასრულდა უშედეგოდ.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ 19 თებერვლიდან დღემდე არცერთი ორმხრივი შეხვედრა არ გამართულა. დღევანდელი შეხვედრა კი პირველია, რომელსაც ეს ფორმატი აქვს.

სოცმუშაკების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოიპოვეს გაფიცვის უფლება,  დღემდე ამისაგან თავს იკავებდნენ დაკისრებული პასუხისმგებლობისა თუ ბენეფიციარების კეთილდღეობის გამო. მათი თქმით, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საღამოს, განცხადებას გაავრცელებენ, სადაც სამომავლო გეგმებზე, მათ შორის გაფიცვის დაწყების თარიღზე ისაუბრებენ.

სოცმუშაკებთან შეხვედრაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – ჯანდაცვის სამინისტრო

ამავე თემაზე:

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან