აშშ-ში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო პირველი მედიკამენტი დაამტკიცეს

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პირველი მედიკამენტი, რომლის პირდაპირი დანიშნულება მშობიარობის შემდეგ დეპრესიასთან გამკლავებაა.

როგორც CNN წერს, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა FDA-მ მსგავსი დანიშნულების პრეპარატი დაუშვა. წამალი აფთიაქში Zulresso-ს სახელწოდებით გაიყიდება. კლინიკური შემოწმებისას პრეპარატმა აჩვენა, რომ მენტალური დაავადების სიმპტომებს, რომლებიც მშობიარობის შემდეგ 9-დან 1 ქალს ემართება, საათებში უმკლავდება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ერთი ამპულის ფასი 7 450$ იქნება და სრული კურსი პაციენტს დაახლოებით 34 000 აშშ დოლარი დაუჯდება. თუმცა კომპაიაში, რომელიც პრეპარატის წარმოებას გეგმავს, აცხადებენ, რომ მედიკამენტი აფთიაქებში ივნისში გამოჩნდება და მისი შესყიდვა მხოლოდ სპეციალურ პროგრამაში ჩართულ დიაგნოსტირებულ პაციენტებს შეეძლებათ.

როგორც CNN წერს, შესაბამისი მკურნალობის გარეშე მშობიარობის შემდეგი დეპრესია, შესაძლოა, თვეები და წლებიც კი გაგრძელდეს, აღნიშნული პრეპარატი კი დაავადებას ყველა სტადიაზე უმკლავდება იმის მიუხედავად, თუ როდის დაეწყო პაციენტს დეპრესიის სიმპტომები.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ში ყოველწლიურად 400 000 ახალშობილის დედას ემართება დეპრესია. პაციენტებისთვის შესაბამისი თერაპია ამ დრომდეც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა არ არსებობდა ანტიდეპრესანტი, რომელიც პირდაპირ ამ დანიშნულებისთვის იქნებოდა შექმნილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.