ახალი ამბები

მივმართავ ორსულებს, დაუყოვნებლივ აიცრან – პაატა ჟორჟოლიანი

18 ნოემბერი, 2021 • 2070
მივმართავ ორსულებს, დაუყოვნებლივ აიცრან – პაატა ჟორჟოლიანი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი ორსულებს კორონავირუსზე აცრისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ გზით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მუცლად მყოფ ბავშვებსაც დაიცავენ. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა დღეს, 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჟორჟოლიანის თქმით, პანდემიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა და მედპერსონალმა ორსულებს ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან ინფიცირებასთან ერთად მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

“ამ წელიწადში [საქართველოში] დაახლოებით 17 თუ 18 ორსული გარდაიცვალა კოვიდით. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ასეთი მონაცემები ჩვენ 2009 წელს გვქონდა, ღორის გრიპის დროს. მაშინაც ძალიან მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი იყო, 33 ან 34 გარდაცვლილი გვყავდა. მაგრამ ვაქცინაციამ და სწორმა მედიკამენტოზურმა მართვამ 2010-ში ეს რაოდენობა შეგვიმცირა.

ამიტომ, ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი, გარდაუვალი და გადარჩენის ერთადერთი საშუალება”, – განმარტა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია. ჟორჟოლიანის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევაში გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ამასთან, მისი თქმით, კვლევებმა დაადასტურა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება:

“ვაქცინირებულ დედებში ნაყოფი გაცილებით დაცულია და ფიქსირდება ანტისხეულები, რომელიც ასევე დამცველობით როლს თამაშობს ახალშობილში.

მივმართავ მომავალ დედებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 446 ახალი შემთხვევა.

გარეკანის ფოტო: მედიაცენტრი “მთავარი”

მასალების გადაბეჭდვის წესი