“ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, არ აიცრაო”, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ექიმებზე საუბრისას.

“ორსულებისადმი ისეთი ტროპიზმი აქვს დელტა შტამს, რომ წარმოუდგენელია. ამიტომ ორსულებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს, რომ “ფაიზერით” აიცრან.

არავითარი გართულება არ იქნება და თუ მათ კოვიდი შეხვდათ, დაიცავს შემდგომი გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან, რაც დღეს დილასაც გვქონდა — 19 წლის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგონას გარდაცვალება.

ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ ყველას, მეან-გინეკოლოგებს, ქალთა კონსულტაციაში მომუშავე მეან-გინეკოლოგებს, სამშობიაროში მომუშავეებს, რომ ავცრათ ორსულები, იმიტომ, რომ არ ინდობს ორსულ ქალბატონს ეს ვირუსი”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორსულების მოვლასთან დაკავშირებით ახალი პროტოკოლი მუშავდება.

19 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, ნორა თევზაძე, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ეს საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ სამინისტრო კოვიდინფიცირებულ ორსულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებს აკვირდება „სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში“:

„ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ კონკრეტული დასკვნები, თუ რა არის მიზეზი, რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალობა ორსულებში“, — განაცხადა ტიკარაძემ.

19 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა