ახალი ამბები

ახალი კანონი უცხოელებს საქართველოდან წასვლას აიძულებს

12 სექტემბერი, 2014 • • 4045
ახალი კანონი უცხოელებს საქართველოდან წასვლას აიძულებს

გერმანიის მოქალაქე, ჟურნალისტი ტატიანა მონტიკი ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში საცხოვრებლად ოთხი წლის წინ ჩამოვიდა. საქართველოში ქმრის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ დედაქალაქში ბინა იყიდა და  საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტა. ავსტრიული, გერმანული და რუსული მედიაგამოცემებისთვის კი საქართველოდან წერს.

 

“1 თვის იყო უმცროსი შვილი, როდესაც ჩამოვედით. იქამდე ბევრი მსმენოდა საქართველოზე, ბავშვობაშიც და შემდეგაც – “ვარდების რევოლუციის” ამბებზე. ყოველთვის მაინტერესებდა ეს ქვეყანა. ერთ დღესაც ჩემი ქმარი დიპლომატიური მისიით საქართველოში გამოგზავნეს სამუშაოდ.

 

პირველივე დღეებში, როდესაც თბილისის ქუჩებში პატარა ბავშვით ხელში ვსეირნობდი, მივხვდი, რომ აქ ცხოვრება მინდა. ერთ საღამოს მე და ჩემი ქმარი ჩვენი სახლის აივანზე ვისხედით, კუს ტბის ასახვევთან ვცხოვრობდით მაშინ, ღვინოს ვსვამდით და თბილისის ხედს გადმოვყურებდით. მოულოდნელოად ვეუბნები – ვგრძნობ, აქედან არ წავალ. მთელი გულით შემიყვარდა ეს ქვეყანა და ადამიანები.”

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ მონტიკმა იმ ადამიანების ძებნა დაიწყო, ვინც მასსავით ოდესღაც საქართველოში ჩამოვიდა და საცხოვრებლად დარჩა.

 

“ვაცნობიერებდი, რომ საქართველოს უნდა მივცე ის, რაც მან მომცა. მინდოდა, რაღაც კარგი გამეკეთებინა ქვეყნისთვის. დავიწყე ჩემნაირი ადამიანების მოძებნა და მათი  საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიების ჩაწერა. უამრავი ვიპოვე ასეთი. ყველას თავისი უნიკალური ისტორია აქვს. შევკრიბე ამ ადამიანების უნიკალური ამბების კოლექცია. სამ ენაზე ვთარგმნეთ და მათი გამოცემა დავგეგმე. იცით, ორი პარალელური ცხოვრება არსებობს საქართველოში. ერთ-ერთი სწორედ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებაა, რომლებიც აქ დარჩნენ. არც ისე დიდი ხნის წინ ამ თემაზე დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა. მაგრამ ახლა ამ კანონის წინაშე აღმოვჩნდით და მორჩა ყველაფერი, ყველა გეგმა ჩაიშალა. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რა გზა მოვძებნო, რომ საქართველოში დავრჩე, ჩემს საკუთარ სახლში.”

 

საქართველოში “საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის” ასაღებად იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს 31 აგვისტოს მიმართა. პასუხი რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო – უარი.

 

“საინვესტიციო ბინადრობის მოწმობა” ბინადრობის მოწმობის ერთ-ერთი სახეობაა. დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობისგან განსხვავებით, ახალი კანონის მიხედვით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000  ლარის ოდენობის ინვესტიცია. ასეთ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს გამარტივებულ პროცედურებს.

 

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ამ ტიპის ნებართვისთვის არის საჭირო, ეს მთავრობის წევრის ან სამი მსხვილი იურიდიული პირის რეკომენდაციაა, რომლის მოპოვებაზეც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დამატებითი დრო სჭირდებათ.

 

“უამრავი დრო და ენერგია დავხარჯე ამ საბუთების მოსაგროვებლად. მეგობრების დახმარებით შევძელი ზოგიერთი საბუთის მოპოვება. წარმომიდგენია, რა ვითარებაში არიან ისინი, ვისაც ნაცნობი მინისტრი, ან მსხვილი კომპანიები არ ჰყავთ,”- ამბობს მონტიკი.

 

საბოლოოდ, მისთვის უარის თქმის საფუძველი  უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ორი პუნქტი გახდა, რომელიც ასეა განმარტებული: “არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ” და “იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ბინადრობის მოწმობაზე უარის თქმის საფუძველი გამოითხოვა, სადაც წერია, რომ რეკომენდაციას სწორედ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გასცემს.

 

“ფაქტობრივად, ქვეყანამ ჯაშუშობაში დამდო ბრალი და არაფერი აუხსნიათ ჩემთვის, რატომ ვუქმნი საქართველოს საფრთხეს. მხოლოდ ვარაუდები მაქვს – ერთ-ერთი რუსულენოვანი გამოცემა, რომელთანაც ვთანამშრომლობ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართ სიმპათიას არასდროს მალავდა და ეს ამ გამოცემის სტატიებში ჩანდა. არ ვიცი, შესაძლოა, ესეც არის მიზეზი. ნებისმიერ შემთხვევაში განმეორებით მიმართვის ან სასამართლოს გზით ბრძოლის იმედი აღარ მაქვს.”

 

კითხვით, თუ რატომ არ განემარტა მოქალაქეს, კონკრეტულად რა საქმიანობისთვის არის ის ქვეყნისთვის საშიში, ნეტგაზეთმა იუსტიციის სამინისტროს სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა.

 

“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ ტიპის ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს მიეწოდება ისეთი ფორმით, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვის ინტერესებს, შესაბამისად, სსგს მოკლებულია შესაძლებლობას უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს განმცხადებელს, ვიდრე ეს მისთვის არის ცნობილი,”-  აცხადებს ნეტგაზეთთან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი, გიორგი მეურმიშვილი.

 

მისივე თქმით, მონტიკს საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით შეუძლია მიმართოს სსგს-ს უარის თქმიდან 1 თვის შემდეგ, რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ეტყვიან თუ არა იმავე საფუძვლით უარს, –  “აღნიშნული საფუძვლით უარის თქმა ხდება კომპეტენტური ორგანოს დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, სსგს წინასწარ ვერ განსაზღვრავს არსებობს თუ არა უარის თქმის საფუძველი.”

 

“არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე მისდით მოქალაქეებს უარი. რა ეჭვები აქვთ მათ მიმართ, არ უხსნიან,”- ამბობს მარკ ჰულსტი,  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათული თოდუა ამბობს, რომ საია ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მიიჩნევდა ამ კანონში ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით უარის თქმის გადაწყვეტილებას ყველაზე მთავარ საკითხად, ვინაიდან მისი განმარტებით, ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმა ერთადერთი შემთხვევა არ არის ამ კანონის მიხედვით, როდესაც ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე პირს უარს ეუბნებიან – ეს არგუმენტი ასევე ვრცელდება ვიზის გაცემაზე, ქვეყანაში შემოსვლაზე და ა.შ.

 

იურისტის განმარტებით, ძველ კანონშიც იგივე პრობლემა იყო, რომელიც ახალი კანონის მიღების დროს არ გაუთვალისწინებიათ.

 

“ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით გაცემული ცნობები ცალკე ადმინისტრაციულ სამართალებრივ აქტადაც არ მიიჩნეოდა, არ იყო დასაბუთებული და არ საჩივრდებოდა სასამართლოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენეთ ეს დაგროვილი გამოცდილება და პრაქტიკა და რეკომენდაციები მივაწოდეთ მაშინ პარლამენტს, რომ ასეთი დასკვნა მიჩნეული ყოფლიყო სამართლებრივი აქტად და მომხდარიყო მისი დასაბუთება, როდესაც ეროვნულ უსაფრთხოებაზეა საუბარი. შესაძლოა, ეს არ იყოს ისეთი ვრცელი დასაბუთება, როგორც სხვა გადაწყვეტილებებს ერთვის თან, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ მხოლოდ მუხლზე მითითება არ იყო საკმარისი. კანონში უნდა ჩამოყალიბებულიყო დეტალური კრიტერიუმები. ახალ კანონშიც ეს საფუძვლები არ არის კონკრეტულად გადმოცემული, თუმცა ჩანასახობრივ დონეზე არის მითითება, ”- ამბობს თათული თოდუა.

 

იმის მიუხედავად, რომ ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო მიიჩნევს, რომ პირი ქვეყანას საფრთხეს უქმნის და ამ მოტივით უარს ეუბნება საქართველოს ბინადრობის ან სხვა ტიპის მოწმობაზე, კანონმდებლობა მის მიმართ სამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებს.


საიას იურისტი განმარტავს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაშიც არის შემთხვევები, როდესაც უარის თქმის საფუძველი პირისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, თუმცა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის წინაპირობა ეს არ ხდება.

 

თათული თოდუა ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მიანიშნებს, მნიშნველოვანია რამდენიმე საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული: 1. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ადმინისტრაციული აქტის სახით დგებოდეს; 2. ეს აქტი, რამდენდაც შესაძლებელია, უნდა იყოს ამომწურავად დასაბუთებული და 3. აუცილებელია, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება საჩივრდებოდეს და სასამართლო დავის საგანი ხდებოდეს.

 

“რამდენად კანონიერი იყო ის უარი, რომელიც კონკრეტულმა ორგანომ გასცა, ასეთი გარანტიები არ არის კანონმდებლობაში და ართულებს უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვას. სამწუხაროდ, ახალი კანონის მიღება არ ნიშნავს, რომ ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. კანონმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს კანონის უზენაესობის პრინციპი და რაც შეიძლება შებოჭოს აღმასრულებელი ხელისუფლება თვითნებური გადაწყვეტილებებისგან,”- ამბობს თოდუა.

 

იურისტი განმარტავს, რომ  სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ აღწევს ეფექტს, ვინაიდან გასაჩივრების დროს სასამართლო კმაყოფილდება მხოლოდ იმის შემოწმებით, ნამდვილად მიიღო თუ არა სააგენტომ ეს დასკვნა.

 

“დასკვნის კანონიერება არ მოწმდება. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოუვალი მდგომარეობაა და ასეთ სიტუაციაში ვერც ერთი უცხოელი ვერ შეძლებს დამტკიცებას და აღმოჩნდება, რომ შსს-ს მიერ თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილება დააბრკოლებს ბინადრობის მოწმობის აღებას. ჩვენ ვამბობდით ასევე, რომ კანონში უნდა გაწერილიყო ის ორგანო, რომელიც გასცემს ამ დასკვნას და დღემდე არ არის ის მითითებული. ვაცნობიერებთ ყველა ამ საკითხის პრობლემურობას და მნიშვნელობას, და ყველანაირად ვეცდებით, რომ წამოვწიოთ სხვადასხვა ფორუმებზე ეს საკითხი.”

 

ახალმა რეგულაციებმა საქართველოში მცხოვრებ სხვა უცხოელებსაც შეუქმნა პრობლემა, მათ, ვინც საქართველოში წლების განმავლობაში ყველანაირი სავიზო რეგულაციების გარეშე ცხოვრობდა.

 

“რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი და, თავისი შვილით, საქართველოში რუსეთიდან საცხოვრებლად ჩამოვედით. რუსეთში ყველა უძრავი ქონება გავყიდეთ და აქ შევიძინეთ. ტურუსტული კომპანია გავხსენით. ჩემი დისშვილი სკოლაში აქ დადის. საქართველოში ვიზების საფუძველზე ვცხოვრობდით. ახალი კანონის მიღებამდე საბუთები დროებითი ბინადრობის მოწმობის ასაღებად ჩავაბარეთ და უარი მივიღეთ. არც მეორე მოქალაქეობას გვაძლევენ. ახლაც ვაპირებდით საბუთების ჩაბარებას, მაგრამ საინვესტიციო ბინადრობის მოწმობას არ მოგვცემენ, ვინაიდან 300 ათასი ლარის ოდენობით ინვესტიცია არ გვაქვს. გამოდის, ვიზის ასაღებლად ისევ მოსკოვში უნდა ჩავიდეთ, სადაც აღარაფერი გვაქვს და ისიც გაურკვეველია, საერთოდ თუ მოგვცემენ მას,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში რუსეთის მოქალაქე, ტატიანა ლოპოიანი.

 

მსგავსი ტიპის შემთხვევებში, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონება აქვთ და აქ ცხოვრობენ, ახალი კანონის შესაბამისად, ვიზის მისაღებად იმ ქვეყნებში უნდა ჩავიდნენ, რომელთა მოქალაქეობაც აქვთ. სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა უნდა აიღონ.

 

საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა მხოლოდ ისეთ პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით, ან რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდნენ.

 

მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მშობელზე, შვილზე, მეუღლეზე, ასევე, იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში.

 

საქართველოში მცხოვრებ იმ უცხოელებს, ვისაც ქვეყანაში დარჩენის პრობლემა ექმნებათ, ძირითადად ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

 

“თბილისში დავიბადე. დედაჩემიც თბილისში დაიბადა. 1992 წელს, დედის სიკვდილის შემდეგ, 10 წლის ასაკში მამამ იძულებით უზბეკეთში საცხოვრებლად წამიყვანა. საქართველოში 2013 წლის მარტში დავბრუნდი და აქ დარჩენა მომინდა. მეორე მოქალაქეობაზე უარი მითხრეს იმ საფუძვლით, რომ ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა. ბინადრობის მოწმობის ასაღებად ვერ შევიტან, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი ახალი კანონით არ მაქვს.

 

დღესდღეობით, უზბეკეთში საკმაოდ სოლიდურ ხელფასს ვიღებ, რომელსაც საქართველოში ვხარჯავ. საქართველოში ვიხდი გადასახადებსაც. სამშობლოში სამუდამოდ დავბრუნდი, მაგრამ ამ ქვეყანას არ ვჭირდები. ჩემნაირი ასობით ადამიანი ცხოვრობს აქ და ადრე თუ გვიან ყველას გაგვყრიან ამ ქვეყნიდან. თუმცა, მგონია, რომ ეს თავად ქვეყანასაც დააზარალებს,”- ამბობს ალა იურიევა.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავება, ოფიციალური განმარტებით, განაპირობა უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში წარმოშობილმა მოუწესრიგებელმა იმიგრაციულმა პროცესებმა.

 

“ამასთან, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიგრაციული პროცესების სწორი და გააზრებული მართვა, რაც სათანადო სავიზო პროცედურების მეშვეობით უნდა განხორციელდეს,”-  წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განმარტებაში.

 

მარკ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, მიიჩნევს, როგორ იმუშავებს ახალი კანონი, ჯერ დაკვირვებაა საჭირო.

 

“დიდი დრო არ გასულა, რაც ეს კანონი ძალაში შევიდა, კონკრეტული პრეტენზიებით ჯერ არ მოუმართავთ. მაგრამ კანონის ძალაში შესვლამდეც, სადღაც 2013 წლის მეორე ნახევრიდან შეიცვალა მიდგომა და დამოკიდებულება, იგივე უცხოელთა ვიზის გაგრძელების, ბინადრობის მოწმობის გაცემის თვალსაზრისით. უფრო გართულდა. პრეტენზიები გაჩნდა ”რატომ არ გამიგრძელეს ვიზა,” “რატომ მითხრეს უარი ბინადრობის მოწმობაზე,” და ა.შ.”- ამბობს ჰულსტი.

 

მისი განმარტებით, 2013 წლამდე ზედმეტად ადვილი იყო პასპორტის ან ნებისმიერი საბუთის აღება უცხოელისთვის.

 

“ასეთი რამე საერთაშორისო პრაქტიკაში არ ფიქსირდება, რომ ზედმეტი შესწავლის გარეშე, სურვილით მისცე უცხოელს შენი ქვეყნის პასპორტი. კარგია, რომ ეს გაჩერდა. ვერ გააგრძელდებოდა ასე, შეიძლება უბრალოდ რამე საფრთხე შეიქმნას.”

 

მარკ ჰულსტი ამბობს, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მხოლოდ უძრავი ქონების ფლობა არ მიიჩნევა საფუძვლად, რომ მუდმივი ბინადრობის მოწმობა მოიპოვო: “აუცილებელია არსებობდეს არგუმენტირებული დასაბუთება, რატომ ხარ ამ ქვეყანაში, რას აკეთებ. საქართველოს ახალი კანონითაც ასე მიიჩნევა. ვფიქრობ, სწორიცაა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი