ახალი ამბები

სესიაშვილი “კეთილსინდისიერ” რელიგიურ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს აპირებს

19 მარტი, 2019 • 1932
სესიაშვილი “კეთილსინდისიერ” რელიგიურ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს აპირებს

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ის აგრძელებს მუშაობას კანონპროექტზე და აპირებს კონსულტაციებს რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისირეად სარგებლობდნენ იმ მუხლით, რომლითაც ითავლისუფლებდნენ თავს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან.

“მესმის, რომ პროექტს, რომელიც მე წარმოვადგინე, თავისი წილი მგრძნობიარობა აქვს და ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა მე თქვენ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნუ მოვახდენთ საკითხის ხლეოვნურად გამწვავებას იმდენად, რამდენადაც მართლაც ორივე თემა, როგორც რელიგიური, ისე გაწვევის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია.

მე მგონი, ეჭვი არავის არ გეპარებათ, რომ ჩემი კეთილი მიზანი არ ყოფილა, რაიმე ფონით შექმნილიყო ისეთი მოცემულობა, რომ ვინმეს გასჩენოდა დისკრიმინაციული წარმოდგენა, მაგრამ, მეორე მხრივ, სამწუხარო რეალობაა, როცა ჩვენ, ფაქტობრივად, ამ ფსევდორელიგიური ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო შესაძლოა გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში.

თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარე საუბრობს სტატისტიკურ მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, მოქმედი კანონმდებლობის დახმარებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულია 5 მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, 165 იეჰოვას მოწმე და 6908 ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური:

“თქვენ ყველა კარგად ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე კანონმდებელს ჰქონდა კეთილი მიზანი, რომ მართლაც სასულიერო პირებს ჰქონოდათ საშუალება, რომ არ წასულიყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ემოღვაწევათ თავიანთ სასულიერო გარემოში, ამ შემთხვევაში, ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება ხდება. ვიტყოდი, რომ ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა.

მესმის, რომ ვიღაცას გაწვევის სისტემა მოსწონს, ვიღაცას – არ მოსწონს. ისიც მესმის, რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდებისთვის მაინცდამაინც მიმზიდველი არ არის სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაგრამ ეს ის მოცემულობაა, როცა ქვეყანას სჭირდება. ასეთი მოცემულობაა, მაგალითად, ნატოს წევრ ქვეყნებში, საბერძნეთში, თურქეთში, ლიეტუაში, რომელმაც  რამდენიმე ხნის წინ გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური და მერე ისევ დააბრუნა გაწვევის სისტემა. ასეა ესტონეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, ავსტრიაში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

ჩვენ ამ შემთხვევაში გაწვევის სისტემა კი არ გვინდა, არამედ გვჭირდება… რატომ გვჭირდება და რა არის ამის რეალური მიზეზი და საფუძველი, ყველას კარგად მოგეხსენებათ; პირველ რიში, ეს არის ჩვენი ტოტალური თავდაცვის პრინციპი და აქედან გამომდინარე ჩვენი საერთო მზაობა, რაც, საერთო ჯამში, მიზანმიმართულია, რომ ძლიერი სამხედრო სარეზერვო სისტმა იყოს”.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პატივს სცემს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც კეთილსინდისიერად სარგებლობდა მოქმედი კანონმდებლობით, რომლითაც ისინი თავს იხსნიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

“მართლაც არ მინდა, ჩემი მხრიდან რაიმე პოლიტიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდეს, თუმცა, ამასთანავე, მინდა ყველამ ერთად გაიაზროთ, რომ გაწვევა არ უნდა ჩავარდეს და უსაფრთხოების სისტემას პრობლემა არ უნდა შეექმნას. ამიტომ მე ვაგრძელებ მუშაობას, არანაირად არ ვარ ხისტი. პრინციპულად ვრჩები პოზიციაზე, რომ უსაფრთხოების სისტემას პრობლემა არ უნდა შეექმნას. თქვენთან ერთად, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ერთად, ვაპირებ ვაწარმოო კონსულტაციები რელიგიურ ორგანიზაციებთან და მოგიწოდებთ, რომ თქვენც ჩაერთოთ ამ პროცესში და გაიზიაროთ პასუხისმგებლობა იმდენად, რამდენადაც აქ საუბარია ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების ინტერესებზე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მანამდე პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ევროპული საქართველოს დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, ირაკლი სესიაშვილის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლები შეძლებენ, საფუძველი ეყრება რელიგიური ნიშნით განსხვავებებს, რაც ქართულ კანონმდებლობაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

“მთელი ისტორია ვსწავლობდით, როგორ იბრძოდნენ მართლმადიდებელი მღვდლები სამოქალაქო პირებთან ერთად და დღეს რას გვეუბნებით, რომ ყველა რელიგიისთვის სავალდებულოა ქვეყნის დაცვა, ერთადერთი, ვისთვისაც ეს სავალდებულო არაა – მართლმადიდებელი ეკლესიაა. ეს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფაა”, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს.

აკაკი ბობოხიძის თქმით, გარდა ამისა, ეს კანონპროექტი არის თაღლითობა, რადგან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი კვლავ შეძლებს თავის დაღწევას, ხოლო დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები- ვერა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი პროფესიულ ჯარზე გადასვლას ემხრობა, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე საღი და ბრძოლისუნარიანი არმიის ფორმაა.

ევროპული საქართველოს წევრი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტმა რელიგიურ ექტრემიზმს დაუდოს საფუძველი. დეპუტატს იმედი აქვს, რომ ქართული ეკლესია თვითონ დააფიქსირებს ამ პოზიციას, თუკი ისინი მართლა ფიქრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ – კანონპროექტი

თუმცა საქართველოს საპატრიარქომ უკვე გააკეთა დღეს განცხადება და მხარი დაუჭირა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტს, რომლითაც მართლმადიდებელი მღვდლები თავს დაიძვრენენ სავალდებულო სამხადრო სამსახურისგან. საპატრიარქო ითხოვს “ფსევდორელიგიური” სასულიერო პირების ჯარიდან გათავისუფლების შეზღუდვას.

“სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ.

სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი