ახალი ამბებისამართალი

სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ – კანონპროექტი

13 მარტი, 2019 • 5610
სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ – კანონპროექტი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ.

“ცვლილებით გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები, რომლებიც არიან მღვდელთმსახურები, სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად”, – აცხადებს სესიაშვილი.

როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა.

“ყველა პირს, რომელიც უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის საფუძველზე, აქვს კანონიერი უფლება, გაიაროს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც კანონით არის განმტკიცებული. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ შემთხვევაში, მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან და არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაუქმდეს”.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სხვა რელიგიური კონფესიები, როგორც წესი, “არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით” სარგებლობდნენ. თავდაცვის კომიტეტის თავმდჯომარეს მაგალითად იეჰოვას მოწმეები მოჰყავს, რომლებიც რელიგიური მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებენ და ალტერნატიულ შრომით სამსახურს მიმართავენ.

“ჩემს მიერ მომზადებული ნორმა იქნება ყველასთვის. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ჩემი ინიციატივა საკონსტიტუციო ნორმას ვერ შეეხება, სხვა კონფესიებს- კი. ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი, რომელიც რელიგიური, აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ვალდებული იქნება, გაწვეული იყოს არასამხედრო სავალდებულო შრომითი სამსახურით”, – ამბობს სესიაშვილი.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სასულიერო აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ისედაც სარგებლობს საერთო ნორმით, როცა უმაღლესში ჩარიცხულ პირებს გადავადების უფლება ისედაც აქვთ.

  • ირაკლი სესიაშვილის ჯერ კიდევ 2017 წელს აანონსებდა “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის საწინააღმდეგო კანონპროექტის შემუშავებას.
  • “ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.
  • გირჩის რელიგიურ ორგანიზაციაში სულ მცირე 15 000 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული მღვდელმსახურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი