დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტთან, ქალბატონ ანკი ბროკერს-ნოლთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალბატონი ბროკერს-ნოლი დაინტერესდა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობით რუსეთთან მიმართებაში. ამ კონტექსტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება საქართველოს დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია:
“მიმდინარე წლის გაზაფზულზე რუსეთის მიერ უკრაინაზე გადატანილმა ყურადღებამ ჩვენსა და მოლდოვას მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ვერ შეაფერხა, თუმცა რუსეთი კარგად დაგეგმილ ტაქტიკურ თამაშს ახორციელებს და სამომავლო ქმედებებისთვის ემზადება. მიუხედავად ამისა, საქართველო ახერხებს შეფერხებით, მაგრამ მაინც წინსვლას” – განაცხადა უსუფაშვილმა.
ქალბატონმა ბროკერს-ნოლმა აღნიშნა, რომ არავინ იცის უკრაინასა და საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების ზუსტი გზა. უფრო მეტიც, არსებობს საშიშროება, რომ ეს სიტუაცია, პირველ რიგში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს გადაედოს: “ამიტომ საჭირო მტკიცედ ვიდგეთ და ჩვენი პოზიცია ცალსახად გამოვხატოთ”.









