ახალი ამბები

სიაში უნდა შესულიყო დამსჯელი ხელმძღვანელების სახელები – ოთხოზორიას დედა

14 მარტი, 2019 • 1571
სიაში უნდა შესულიყო დამსჯელი ხელმძღვანელების სახელები – ოთხოზორიას დედა

გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ოთხოზორიას თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში აუცილებლად უნდა შედიოდნენ ის პირები, რომლებიც სადამსჯელო ღონისძიებებს ხელმძღვანელობენ.

აღნიშნული ჯულიეტა ოთხოზორიამ “რეაქციის” ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამჟამად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრება განსაკუთრებით რთულია.

“ჩემი პასუხი იქნება ასეთი: რომ შეიქმნა ოთხოზორია – ტატუნაშვილის სია, იმ სიაში პირველ რიგში უნდა შესულიყო იმ ადამიანების სახელი და გვარები, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობენ სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარებას. მე მგონია, რომ სიაში შევიდა რამდენიმე ისეთი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც ძალიან დიდ ფიგურებს არ წარმოადგენენ და მათი დასჯა არაფრის მომტანია.

სულ მცირე, სიაში უნდა შევიდეს იმ რუსი ოკუპანტების სახელები და გვარები, ვინც  უშუალოდ ხელმძღვანელობს… თუნდაც, ვინც ხელმძღვანელობდა ჩემი შვილის მკვლელობის დღეს… ვინც იყო პასუხისმგებელი… იმიტომ, რომ თუ ისინი დაისჯებოდნენ, ისინი თავიანთ ხელქვეითებსაც მოსთხოვდნენ იმას, რომ ასე არ გაემეტებინათ ქართველი ადამიანები”, – ამბობს ჯულიეტა ოთხოზორია.

საუბრისას ჯულიეტა ოთხოზორიამ სამძიმარი გამოუცხადა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და განაცხადა: “კიდევ ერთი ახალგაზრდას სახელი და გვარი მიემატა ჩემი შვილის შემდეგ იმ ავადსახსენებელ სიას, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ”.

“რამდენად დაცულები არიან ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოსახლეობა საზღვრისპირა სოფლებსა და საზღვრებთან ახლოს, უკვე აშკარად ჩანს ამ ყველასთვის გასაგები სურათებიდან. სად არის დაცული ქართველი ადამიანი, რომელიც თავის მიწაზე გადადის… შეიძლება მანდ გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ რომელი საზღვარი გადაკვეთა – რომელიც თვითნებურად არის გავლებული.

თავის სახლში მიდიოდა ადამიანი და თვითმკვლელობამდე მიიყვანესო. მაშინ თუ ადამიანმა გადაწყვიტა თავის მოკვლა , ეს იმას ნიშნავს, რომ იმდენად შეურაცხყოფილი არის ადამიანი, რომ მას უკვე სიცოცხლე არაფრად უღირს. მაგრამ მე რატომღაც მგონია, ის, ალბათ, აწამეს და წამების დროს შემოაკვდათ საწყალი ბიჭი”, – ამბობს ოთხოზორია.

მისივე თქმით, გამყოფი ხაზების გადაკვეთა დღესდღეობით ძალიან ძვირია, ამიტომ ხალხი სხვა ალტერნატიულ გზებს ეძებენ, რაც ხშირად მათ სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებათ.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსი ოფიცრების შეყვანაზე კითხვა დღეს პარლამენტში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ, გიგა ბოკერიამაც დასვა. ამ კითხვაზე, დეპუტატმა დავით ზალკალიანისგან პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო.

“თქვენ ალბათ იზიარებთ ევროპული საქართველოს პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაცია არის მთლიანად პასუხისმგებელი პოლიტიკურად, როგორც საოკუპაციო ძალა, იქ არსებულ ვითარებაზე. ხომ სწორად მესმის თქვენი პოზიცია? და თქვენ იზიარებთ ჩვენს პოზიციას, რომ პოლიტიკური ფასის გაზრდა რუსეთის ფედერაციისთვის და რუსეთიდან ყველა იმ პირისთვის, ვინც ხელს აფარებდა ამ სასტიკ მკვლელობებს, მაგალითად, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობებს, ნებისმიერ სხვა ძალადობას, არის ერთ-ერთი ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი?

მეთანხმებით ამაში, ბატონო მინისტრო? – მადლობა, ვიღებ თქვენს თანხმობას. მაშინ მითხარით, რატომ არ არის რუსეთის არცერთი ოფიცერი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში დღემდე შეყვანილი საქართველოს მთავრობის მიერ?” – ჰკითხა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ტრაგიკული სიკვდილი კატეგორიულად აღმაშფოთებელი ფაქტია. მისი თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ცოცხალი დოკუმენტია და რა კონკრეტული ფაქტებიც დაფიქსირდა, ყველაზეა აღძრული საქმე.

ვრცლად:

რატომ არაა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არცერთი რუსი ოფიცერი? – ბოკერია ზალკალიანს

მასალების გადაბეჭდვის წესი