
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის საავტომობილო გზების დირექციამ უნებართვო მშენებლობის აღკვეთა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჯერ კიდევ 19 ივნისს სთხოვა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის ქედის 36-ე მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობას არ გააჩნია მუნიციპალიტეტის ნებართვა შეთანხმებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რითაც დარღვეულია საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნები და საფრთხე ექმნება როგორც გზაზე მოძრავ ავტოტრანსპორტს, ასევე ქვეითებს. დირექციამ ქედის გამგეობას მოუწოდა, აღკვეთოს უნებართვოდ მიმადინარე მშენებლობა.
2 ივლისს საპასუხოდ მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს გამგებლის მოადგილე (მაშინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი) გურამ ბერიძე აწერს, წერია, რომ მშენებლობის მეპატრონეზე კანონით გათვალისწინებული ზომები გატარებულია და მშენებელს ნებართვის მისაღებად განაცხადი შეტანილი აქვს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, მშენებლობის ნებართვისთვის განაცხადი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, სტატიის მომზადების პერიოდისთვის, მშენებელს არ შეუტანია.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მშენებლობა უნებართვოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ქედის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელს წერილობითი გაფრთხილება მხოლოდ 15 აგვისტოს მისცა. კომპანიას მშენებლობაზე ნებართვის წარსადგენად ერთთვიანი ვადა მისცეს. ვადის გასვლის შემდეგ კი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს შეუძლია მშენებელი დააჯარიმოს.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე სხვადასხვა დანიშნულების შენობას (მაღაზია, მარანი, ავტოსადგომი) ქედაში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (ყოფილი კუდი) უფროსის, ბადრი ცინცაძის მამა ზურაბ ცინცაძე აშენებს. ის ადასტურებს, რომ არ აქვს მშენებლობის ნებართვა, მაგრამ 15 სექტემბრამდე აპირებს ყველა დოკუმენტი მოაწესრიგოს. მას შემდეგ, რაც ზურაბ ცინცაძემ მოისმინა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ აპირებენ ამ მშენებლობაზე თანხმობის გაცემას, იკითხა – „თქვენ რატომ ხართ ასე დაინტერესებული?“ ზურაბ ცინცაძე ამბობს, რომ ახლა აპირებს შეისყიდოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობა დიდი ხნის წინ დაიწყო.
უნებართვო მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 100 კვადრატს მოიცავს, ცენტრალურ საავტომობილო გზასა და სოფლების – კორომხეთისა და ძენწმანის სასოფლო გზების შუა ნაწილში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურსა თუ სასოფლო გზაზე ავტომობილები და ფეხით მოსიარულები გადაადგილებიან, მშენებარე ობიექტი არ არის შემოსაზღვრული. მას შემდეგ, რაც აქ მშენებლობა დაიწყო, საავტომობილო გზიდან მდინარის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით მოწყობილი დამცავი კედელიც აიღეს.
უპასუხოდ რჩება კითხვა, რატომ არ გაატარა მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესაბამისი ღონისძიება უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობაზე? და რა ბედი ელის შენობას? _ ამ კითხვაზე პასუხი არც გურამ ბერიძეს აქვს.
რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურს, მას ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, რომელიც აცხადებს, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ობიექტის მფლობელს სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება მისცა.
იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ საავტომობილო გზის მიმდებარედ მშენებლობისთვის მოქალაქეს ნებართვა მისცეს, მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, გეოლოგიური დასკვნა და მშენებლობის პროექტთან ერთად საქართველოს საავტომობილო გზის დეპარტამენტისგან ნებართვა სჭირდება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემენ.







