ახალი ამბები

ქართველოლოგი, რომელსაც “ქართველების შეუმდგარობაზე” ფრაზა მიაწერეს, სასამართლოში ჩივის

11 მარტი, 2019 • 1909
ქართველოლოგი, რომელსაც “ქართველების შეუმდგარობაზე” ფრაზა მიაწერეს, სასამართლოში ჩივის

გერმანელი ქართველოლოგი იოსტ გიპერტი, რომელსაც რამდენიმე დღეა სხვადასხვა გამოცემა მიაწერს გამონათქვამს, — “ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია” — სასამართლოში ჩივის.

წინა კვირას ონლაინმედიაში გამოქვეყნდა ცნობები, თითქოს გიპერტს ეთქვას ან დაეწეროს, რომ “ქართველი ერი კულტურულად არშემდგარი ერია, რომ იგი მონობისადმი არის მიდრეკილი”. გამოცემების ცნობით, გიპერტი აცხადებდა, რომ “ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერი, რომელსაც საკუთარი ენა და სამი ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები — ინდოეთში, აფრიკაში”. თუმცა გიპერტი აცხადებს, რომ მსგავსი ფრაზა მას არ ეკუთვნის.

11 მარტს ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა თანდაშვილმა, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა. მისი თქმით, ამ ცნობების გავრცელების შედეგად სოციალურ ქსელებში დაწერილი უცენზურო გამონათქვამები შეურაცხმყოფელია გიპერტისთვის.

მანანა თანდაშვილის თანახმად, გიპერტი “40 წელზე მეტია ემსახურება ქართველოლოგიისა და ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას”.

“მის მიმართ განხორციელებული ქმედება არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ მას, არამედ მთელ ქართულ მეცნიერებას და მოითხოვს სათანადო სამართლებრივ რეაგირებას. გერმანელი მეცნიერო სასამართლოში აპირებს ჩივილს მის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ”, —აცხადებს მანანა თანდაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი