ახალი ამბები

პრორუსული სააგენტოს ტროლები სახელმწიფო უწყებებსაც ეხმარებოდნენ – კვლევა

4 მაისი, 2020 • 1827
პრორუსული სააგენტოს ტროლები სახელმწიფო უწყებებსაც ეხმარებოდნენ – კვლევა

ყალბ ფეისბუქ ანგარიშებს, რომლებიც პრორუსული პლატფორმა “ნიუს-ფრონტის” ქართული განყოფილების მასალებს კოორდინირებულად ავრცელებდნენ, ახლო წარსულში ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საპენსიო სააგენტოსა და კომპანია „ბადაგონის“ სასარგებლოდაც იყენებდნენ: ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” კვლევაში, რომელიც 4 მაისს გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორების თქმით, პროფილები და ასევე პროსახელისუფლებო ცრუ მედიის გვერდები უკავშირდება საპენსიო სააგენტოს PR დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაგდა კოტრიკაძეს, რომელიც აღნიშნულს უარყოფს.

12 “ცრუ მედია” და 12 ყალბი პროფილი

კვლევაში საუბარია 12 არაავთენტურ პროფილზე და ამდენივე ფეისბუქ-გვერდზე, რომლებიც არარსებული მედიასაშუალებების სახელით მოქმედებდნენ და პოზიტიურ კონტექსტში აქვეყნებდნენ/არეკლამებდნენ ინფორმაციას ზემოაღნიშნულ ინსტიტუციებთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის თქმით, გვერდები აკრიტიკებდნენ არასამთავრობო სექტორს და ავრცელებდნენ გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებებს, რომელთაც ორგანიზაცია პროსამთავრობო ექსპერტებად მოიხსენიებს; ყალბი პროფილები კი სხვადასხვა ჯგუფში აზიარებდნენ აღნიშნულ მასალებს და შესაბამის კომენტარებსაც წერდნენ.

“არაავთენტური ანგარიშები სხვის იდენტობას იპარავდნენ, არ გააჩნდათ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის დამახასიათებელი ქცევა და მათი აქტივობა მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული [პრორუსული] „ნიუს-ფრონტის“ ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის „ფეისბუქ“ აქტივობასთან”, – წერია ანგარიშში.

ქსელისა და “ცესკოს” შესაძლო კავშირი და ადრესატის პასუხი

“სამართლიანი არჩევნების” თქმით, „ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცრუ მედიების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე შერჩევითად, ორგანიზებულად და კოორდინირებულად ახდენდნენ კომენტარების სიმულირებას. ორგანიზებული კომენტარების მთავარი გზავნილი “ცესკოს პროგრესის დემონსტრირება და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იყო”.

“ამ ანგარიშების მიერ ცესკოს ფოტოებსა და პროსამთავრობო ექსპერტების მოსაზრებების პოსტებზე კოორდინირებულ კომენტარებში გამოხატულია ერთიანი მესიჯ-ბოქსი – აგრესია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კონკრეტულად „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ.

ამ არაავთენტური ანგარიშების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციები მოხსენიებული არიან დამაკნინებელი ეპითეტებით და ამასთან, ისინი ცდილობდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიტმასნებას”, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია იშველიებს  მედია ჩეკერის 2018 წლის 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 ონლაინ გამოცემაში ინფორმაციის განთავსების მომსახურება შეიძინა, რისთვისაც, ჯამში, 21 609 ლარი გადაიხადა. კვლევაში წერია, რომ დაკვეთილ სტატიებს შორის იყო მასალებიც, რომლებიც  პარალელურად „ფეისბუქზე“ ცრუ-მედიის გვერდებზე კოორდინირებულად განთავსდა და რომლებსაც „ნიუს-ფრონტის“ არაავთენტური ანგარიშები აკომენტარებდნენ.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” სპიკერმა ანა მიქელაძემ, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ანგარიშში მოცემული ცნობები უარყო. მისი თქმით, “ცესკოს” კავშირი არ აქვს არც News Front-თან და არც ყალბ ანგარიშებთან, რომლებიც სოციალურ მედიაში მოქმედებენ.

“საარჩევნო კომისიას ამ კონკრეტულ სააგენტოსთან (News Front) არ უთანამშრომლია. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ, რომ თუკი ვრცელდებოდა “ცესკოს” შესახებ პოზიტიური, ასევე ვრცელდებოდა მადისკრედიტირებელი ინფორმაციაც და სამწუხაროა, რომ ამ ნაწილზე არ არის ანგარიშში საუბარი. აღნიშნულ სივრცეში ძალიან ბევრი გვერდი ავრცელებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას. ძალიან რთულია ამის კონტროლი, თუმცა მთავარია ის, რომ “ცესკოს” მათთან არასდროს ჰქონია კავშირი”, – აღნიშნა მიქელაძემ.

“ნეტგაზეთმა” სპიკერს რამდენიმე ფეისბუქ-გვერდი დაუსახელა, რომლებიც ერთდროულად ავრცელებდნენ “ცესკოს” შესახებ პოზიტიურ ინფორმაციას და ISFED-ის მიერ “ცრუ მედიად” არიან შეფასებულნი. ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული გვერდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

“ცრუ მედია” და ტროლები საპენსიო რეფორმის დასაცავად – ISFED-ის გამოძიება

“სამართლიანი არჩევნების” კვლევის თანახმად, „ნიუს-ფრონტის“ არაავთენტური ანგარიშები  2019 წელს, მაის-აგვისტოს პერიოდში საპენსიო სააგენტოს სასარგებლოდაც მოქმედებდნენ. ორგანიზაცია წერს, რომ ანგარიშები 2019 წლის ზაფხულში აქტიურად იყვნენ ჩართული საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერ კამპანიაში „ფეისბუქზე“.

“საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე აღნიშნული ანგარიშები თითქმის ყველა პოსტის კომენტარებში ხელოვნურ ინტერაქციაში შედიოდნენ „ფეისბუქის“ მომხმარებლებთან, რომლებიც გულწრფელ კითხვებს სვამდნენ ან სკეპტიკურად აფასებდნენ დაგროვებით საპენსიო რეფორმას. სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე აქტიურობის გარდა, ისინი ინტენსიურად ავრცელებდნენ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მხარდამჭერ მოწოდებებს და ამ განზრახვით აქტიურობდნენ სხვადასხვა „ფეისბუქ“ გვერდებსა და ჯგუფებში”, – წერს ISFED.

ორგანიზაციის თანახმად,  ქსელის ანგარიშების მიერ სიმულირებული დისკუსია საპენსიო სააგენტოს ოფიციალური გვერდის გარდა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე თემატურ ჯგუფებშიც მიმდინარეობდა.

“თუ ერთი არაავთენტური ანგარიში რამდენიმე დღით ადრე საპენსიო სააგენტოს საიტზე სხვა მომხმარებლებს უხსნიდა საპენსიო რეფორმის სიკეთეებს, მომდევნო დღეებში იგივე ანგარიში სხვა ჯგუფებში საპენსიო რეფორმის შესახებ კითხვებს სვამდა და ინფორმაციის მიღებას ითხოვდა, რაზეც ამ არაავთენტური ქსელის სხვა ანგარიშები პასუხობდნენ და უხსნიდნენ რეფორმის დეტალებს”, – ვკითხულობთ კვლევაში.

 

ISFED ქსელსა და მაგდა კოტრიკაძეს შორის შესაძლო კავშირის შესახებ

კვლევაში წერია, რომ ქსელი “ღიად უკავშირდება საპენსიო სააგენტოს PR დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაგდა კოტრიკაძეს, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია დასახელებულ ცრუ მედიის გვერდებთან”.

“მაგდა კოტრიკაძის სახელი ასევე უკავშირდება ცესკოსთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლიდან დღემდე 6-ჯერ დაფინანსებულ ორგანიზაციას – „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს“, რომლის აქტივობები ცრუ მედიის გვერდებზე ინტენსიურად ქვეყნდება”, – წერს ISFED.

ორგანიზაციის თანახმად, ერთ-ერთი “ცრუ მედიის გვერდი”, რომელსაც ამჟამად ჰქვია “HIPPO”, თავდაპირველად 2018 წლის 22 თებერვალს შეიქმნა, სახელწოდებით “Magda kotrikadze”, ხოლო სახელი 6 დღეში, 28 თებერვალს გადაერქვა.

“თავად საპენსიო სააგენტოს პრ-ის დეპარტამენტის ხელძღვანელს, მაგდა კოტრიკაძეს 2018 წელს ფეისბუქის პირად გვერდზე ამ გვერდების პოსტები აქვს გაზიარებული. მაგდა კოტრიკაძე წარსულში დასაქმებული იყო „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრში“ “, – წერს ISFED.

ორგანიზაციის თანახმად, ქსელში შემავალი ზოგიერთი გვერდი უშუალოდ მაგდა კოტრიკაძის მოსაზრებებსაც აქვეყნებდა.

“ნეტგაზეთს”მაგდა კოტრიკაძემ წერილობით უპასუხა და კვლევაში მოცემული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, ქსელთან კავშირი არ აქვს და არც ვალდებულება გააჩნია, კომენტარების ავტორები იკვლიოს.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ News-front-თან არანაირი კავშირი არ აქვს საპენსიო სააგენტოს და არც პირადად მე, როგორც ერთ მოქალაქეს. საპენსიო სააგენტოს აქვს თავისი ფეისბუკ და ვებ-გვერდები და, ბუნებრივია, მათზე ვრცელდება ინფორმაცია.

მე, როგორც მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ვალდებული ვარ, ყველა შემომავალ კითხვას გავცე პასუხი და ამასთან, არანაირი ვალდებულება არ მაქვს პერსონალურად ვიკვლიო კომენტარების ავტორები”, – აღნიშნავს ის.

მაგდა კოტრიკაძეს “ნეტგაზეთმა” ქსელში შემავალ იმ გვერდზე ჰკითხა, რომელიც, კვლევის მიხედვით, თავდაპირველად მისი სახელითა და გვარით (Magda Kotrikadze) დარეგისტრირდა, შემდგომ კი სახელი გადაერქვა და სხვა გვერდების მსგავს საქმიანობას ეწეოდა. “საპენსიო სააგენტოს” PR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საპასუხოდ მოგვწერა:

“უხერხულია ასეთი დოზით ფანტაზირება. დემოკრატიულ ქვეყანაში ვართ ჩვენ ყველანი, არ ვართ შეზღუდული გამოხატვის მასშტაბებში. მეც, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი მტკიცე შეხედულება და ნდობა პოლიტიკურ ასპექტში. ახლა ჩვენს მთავრობას ისეთი რეიტინგი აქვს, არა მგონია, რიგითი მოხელის ვირტუალური პიარი სჭირდებოდეს”.

ქსელის ჩარევა კომპანია “ბადაგონის” საქმეში

ISFED-ის თანახმად, ქსელის კიდევ ერთი აქტივობა კომპანია „ბადაგონის“ მფლობელობასთან დაკავშირებულ დავასთან ფიქსირდება.

“2018 წლის თებერვალ-მარტში ისინი საჯარო პოსტებით და სიმულირებული კომენტარებით მხარდაჭერას უცხადებდნენ კომპანია „ბადაგონს“. კომპანია „ბადაგონის“ მხარდამჭერი პოსტები ზემოთ აღნიშნულ ცრუ მედიის გვერდებზეც არის განთავსებული”, – წერია კვლევაში.

“ნეტგაზეთი” დღის განმავლობაში კომპანიის მარკეტინგის სამსახურთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა.

ISFED-ის პოზიცია

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით, კვლევაში არაერთი მტკიცებულებაა იმის გამოსარიცხად, რომ გვერდებისა და პროფილების მოქმედება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეფასდეს.

“ყველაფერი გამყარებულია მტკიცებულებებით და სქრინებით. არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ანგარიში ჯერ უხსნის სხვა მომხმარებელს, თუ როგორ უნდა მოიხმაროს საპენსიო სააგენტოში ანგარიში და შემდეგ, სადღაც სხვა ჯგუფში, თავად სვამს კითხვას ყალბი ინტერაქციის შესაქმნელად”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კონკრეტულად “ცესკოზე” საუბრისას, ბენიძე აღნიშნავს, რომ პროცესში ამ ინსტიტუციის პირდაპირი ჩართულობის დადასტურება რთულია,  თუმცა, “ცხადია, რომ მის სასარგებლოდ ეს ოპერაცია მიმდინარეობდა”. მაგდა კოტრიკაძის შემთხვევაში კი ბენიძე კლევის ზემოთ მოცემულ მტკიცებებზე მიანიშნებს.

ISFED-მა გასულ კვირას გაავრცელა ცნობა, რომ ახლახან “ფეისბუკმა” წაშალა რუსული სააგენტო News-Front-ის ქსელი, როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებში. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გულბაათ რცხილაძემაც დაადასტურა, რომელიც 1 მაისამდე “ნიუსფრონტ-საქართველოს” მთავარი რედაქტორი იყო. სწორედ აღნიშნულ სააგენტოს უკავშირებს ორგანიზაცია ზემოთ ნახსენებ პროფილებს.

კვლევის პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ:

ცრუ მედიის ქსელი ფეისბუკზე და არა მხოლოდ – ISFED-ის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი