ახალი ამბები

“არ მაქვს განცდა, რომ ამას შემარჩენთ…” – ფრესკოს დამფუძნებლის მიმართვა პოლიტიკოსებს

8 მარტი, 2019 • 2435
“არ მაქვს განცდა, რომ ამას შემარჩენთ…” – ფრესკოს დამფუძნებლის მიმართვა პოლიტიკოსებს

“ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ბიზნესმენებისადმი “გირჩის” მიმართვას ეხმაურება და საპასუხო განცხადებაში ზოგადად პოლიტიკოსებს აკრიტიკებს.

მისი თქმით, ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე პოლიტიკოსებმა მიიყვანეს და არა ბიზნესმენებმა.

ფრესკოს ფეისბუკ-გვერდზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში სოფრომაძე საუბრობს გარკვეულ საგადასახადო პრობლემებზე, რომლებსაც მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მის კომპანიას უსამართლოდ უქმნის.

“ერთი წელია ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს. ყველა რეგლამენტის დარღვევით, ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა. დიდი ოთხეულიდან ცნობილი აუდიტორიული კომპანია მოვიწვიეთ, რომლის დასკვნამაც ქვა-ქვაზე არ დატოვა მათი შენიშვნები”, – ამბობს სოფრომაძე და დასძენს, რომ ის ამის გამო ღიად იბრძვის და ლაპარაკობს, მაგრამ “რამე შეიცვალა?”.

სოფრომაძის თქმით, ის არცერთი ბიზნესასოციაციის წევრი არ არის და არც არაფრის პრივატიზაცია გაუკეთებია არასდროს. ამასთან, არასოდეს ყოფილა შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში. ბიზნესმენის თქმით, ის არ გაჩერებულა და უსამართლობის გამო იბრძვის, მაგრამ ამით არაფერი იცვლება.

 

“თქვენ მიიყვანეთ ეს ქვეყანა აქამდე, გინდა ოპოზიციამ გინდა არა ოპოზიციამ ერთმანეთში კინკლაობით, გაუგებრობით”, – ამბობს სოფრომაძე და დასძენს, რომ პოლიტიკოსებმა სიმინდის ფქვილისა და ღერღილის სანაცვლოდ მიიღეს ხმები.

“თქვენ გგონიათ თქვენი მეშინია?  თქვენ მე მართლა ცხვარი ხომ არ გგონივართ”, – მიმართავს ის პოლიტიკოსებს და დასძენს, რომ ბიზნესი ამ ყველაფრის გამო საკადრის პასუხს გასცემს.

“ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, როცა ერთ მშვენიერ დღეს სახლებიდან გამოხვალთ და ბენზინგასამართ სადგურში ბენზინს ვერ ჩაასხამთ, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. გონს მოეგეთ, გირჩევთ. არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას თქვენი გაგებით შემარჩენთ, ჩემი მისამართი ხომ იცით? სათავო ოფისი ხომ იცით, ყველა ჩემი საქმე ხომ იცით, ყველა ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, კაპიკს ვერ აიღებთ ჩემგან”, – აცხადებს სოფრომაძე.

ნახეთ გირჩის მიმართვა, რომელიც სოფრომაძის განცხადების ინსპირაცია გახდა

თქვენ გაქვთ საბჭოთა “ცეხავიკის” ფსიქოლოგია – გირჩი ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი