ახალი ამბები

თქვენ გაქვთ საბჭოთა “ცეხავიკის” ფსიქოლოგია – გირჩი ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს

6 მარტი, 2019 • 2568
თქვენ გაქვთ საბჭოთა “ცეხავიკის” ფსიქოლოგია – გირჩი ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს

გირჩის განცხადებით, თიბისი ბანკის დამფუძნებლების ირგვლივ რაც ხდება, არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური და არა სამართლებრივი პროცესი. როგორც პარტია აცხადებს, საქმეში არ არსებობს მომჩივანი დაზარალებული და სრულიად გაუგებარია, რას და რატომ იძიებს 11 წლის წინანდელ საქმეს პროკურატურა.

“ამავე დროს, ცხადზე ცხადია, რომ ვითომ კონსტიტუციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახელწოდებით, “ეროვნული ბანკი”, იქცა ხელისუფლების მორიგ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, რომელსაც იმის უნარიც კი არ შესწევს, რომ საჯაროდ ახსნას საკუთარი გადაწყვეტილებების შინაარსი. რა ცოდვებიც არ უნდა ჰქონდეთ თიბისის დამფუძნებლებს, ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ კონკრეტულ საქმეში მათთან მიმართებაში სახელმწიფო იქცევა უსამართლოდ”, – აცხადებს გირჩი.

გირჩი მიმართავს ქართული ბიზნესის ცნობად და მეტნაკლებად ცნობად სახეებს. პარტიის განცხადებით, “ამ ფონზე მათი დუმილი არის უტყუარი დადასტურება იმისა, რომ სინამდვილეში ისინი არიან ჩვეულებრივი კრონ-ბიზნესმენები, რომლებმაც სიმდიდრის დაგროვება მოახერხეს სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტების და პრეფერენციების მიღების გზით, იქნებოდა ეს იაფად ხელში ჩაგდებული ქონება, საჯარო კონტრაქტებით მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება თუ კანონით მინიჭებული და/ან რეგულაციებით გამყარებული მონოპოლიური მდგომარეობა”.

გირჩის განცხადებით, სახელმწიფოს, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, მათი ფასი, როგორც ბიზნესმენების, არის ნული:

“თქვენ გაქვთ საბჭოთა “ცეხავიკის” ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლის, რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები.

თქვენ ხართ ფარისევლები, გაერთიანებული სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაცია-ფედერაციებში ვითომ ბიზნესის ინტერესების დასაცავად, რომელთა რეალური დანიშნულება იმ პერიოდის ხელისუფლების ნებისმიერი იდიოტური, მათ შორის თქვენთვისვე საზიანო წამოწყებების უტიფარი გაპრავება და მოქალაქეების ზურგსუკან პირადი ინტერესების ლობირებაა.

თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც “პოლიტიკაში არ ვერევით” გზავნილს ამოფარებულები სინამდვილეში 24/7 ერთ ადგილს ათამაშებთ და ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან, რადგან ხელისუფლებები იცვლებიან და თქვენ მუდმივად გჭირდებათ სახელმწიფოსგან ახალი იაფი ქონება, ფული, დახმარება და/ან პრივილეგია.

გვესმის, რომ ისტორიული გამოცდილება და არსებული რეალობა გიბიძგებთ იყოთ ასეთები, მაგრამ ეს ვერ ამართლებს თქვენს ასეთ გულისამრევ ყოფას.

პ.ს. დიდი ხანია გვინდოდა თქვენთვის ამის თქმა.”

თიბისი ბანკის საქმე – ყველა სიახლე

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – ამბობს ხაზარაძე. გახარია მუქარის ფაქტს უარყოფს.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით

მასალების გადაბეჭდვის წესი