ახალი ამბები

აქვთ თუ არა სუპერმარკეტებს საახალწლო დეკორაციების და არასასურსათო პროდუქციის გაყიდვის უფლება

30 ნოემბერი, 2020 • 1939
აქვთ თუ არა სუპერმარკეტებს საახალწლო დეკორაციების და არასასურსათო პროდუქციის გაყიდვის უფლება

სუპერმარკეტების ნაწილმა დროებით შეაჩერა ისეთი ნივთების დახლებზე გაყიდვა, როგორიცაა არაპირველადი საჭიროების პროდუქცია, მათ შორის, საახალწლო დეკორაციები, ჭურჭელი და სხვა.

მაღაზიებს შორის, რომლებმაც შესაბამისი მითითება დახლებზე გამოაკრეს, “სუფთა სახლი” და სუპერმარკეტი “ფრესკოა”.

“სუფთა სახლში” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აღნიშნულ პროდუქციაზე რეკომენდაცია მიიღეს მაკონტროლებელი ორგანოებისგან, რომლებმაც განუმარტეს, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, დახლებზე მხოლოდ ჰიგიენური საშუალებების და პირველადი მოხმარების ნივთების გაიყდვა შეუძლიათ.

მაღაზიაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ, მანამ კი, სანამ დეტალები დაზუსტდება, ამ პროდუქციის გაყიდვა შეაჩერეს. “სუფთა სახლის” თქმით, თუ დაზუსტდება, რომ ისეთი პროდუქცია, როგორიც საახალწლო დეკორაციები და ჭურჭელია, დახლებიდან არ უნდა გაყიდონ, ამ პროდუქციას მხოლოდ ონლაინ გაყიდიან.

სუფთა სახლი

მსგავსი პასუხი გასცეს “ნეტგაზეთს” სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოშიც”, სადაც ამბობენ, რომ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს შრომის ინსპექციისგან, რომ ისეთი პროდუქტების გაყიდვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არაა გათვალისწინებული, მათ დაჯარიმებას გამოიწვევდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ზემოხსენებული პროდუქციის გაყიდვა მათაც შეაჩერეს.

“ფრესკო”

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქ. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში, დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის გუდაურში, კურორტ გოდერძიზე და დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

დადგენილების მიხედვით, აღნიშნული არ ეხება მხოლოდ ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას; ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას და პრესის ჯიხურებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სუპერმარკეტებს შეუძლიათ გაყიდონ ყველა სახის პროდუქცია, რაც დახლზე აქვთ და მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს.

სუფთა სახლი – ფოტო თიკა მჭედლიძე

იმის გასარკვევად, თუ რატომ მისცა “სუფთა სახლს” და “ფრესკოს” შრომის ინსპექციამ გაფრთხილება, თუ მთავრობა მსგავს შეზღუდვას არ აწესებდა, “ნეტგაზეთი” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი