ახალი ამბები

“ფრესკო”: ჩვენს ფილიალში პოლიციამ ქურდობაში შემჩნეულს სცემა, კამერის კადრები კი წაიღო

10 სექტემბერი, 2019 • 1828
“ფრესკო”: ჩვენს ფილიალში პოლიციამ ქურდობაში შემჩნეულს სცემა, კამერის კადრები კი წაიღო

“ფრესკოს” ინფორმაციით, პოლიციამ სუპერმარკეტის ერთ-ერთ ფილიალში სცემა პირს, რომელმაც მანამდე პროდუქცია მოიპარა, შემდგომ კი სამართალდამცველებმა აღნიშნული ინციდენტის ამსახველი მასალა წაიღეს.

ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა სუპერმარკეტების ქსელის დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ.

როგორც “ნეტგაზეთს” “ფრესკოს” პრესსამსახურში განუცხადეს, ინციდენტი თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ფილიალში მოხდა. მაღაზიაში შესულმა პირმა სასმელები მოიპარა, რაც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მას დაცვის თანამშრომელი დაედევნა.

“ჩვენი დაცვის თანამშრომელი დაედევნა, გააჩერა, უთხრა, რომ ქურდობაში იყო შემჩნეული და მოუწოდა, გაჰყოლოდა. ეს ადამიანი თავისი ნებით გამოჰყვა, არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. პოლიციის მოსვლამდე ჩვეულებრივად, ჩვენს ტერიტორიაზე იცდიდა”, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.

მისივე ცნობით, პოლიციის მოსვლის შემდეგ ქურდობაში შემჩნეულ პირსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციელმა პირს სახეში გაარტყა. აღნიშნული ფაქტი, როგორც სუპერმარკეტში ამბობენ, ფილიალის დაცვის თანამშრომელმა დაინახა.

პრესსამსახურის ცნობით, პირს, სავარაუდოდ, სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

“[განყოფილებაში] ის ადამიანი სხვა მანქანით გადაიყვანეს, ჩვენი თანამშრომელი დასაკითხად – სხვა მანქანით. ადგილზე რომ მივიდა, დაინახა, რომ სასწრაფოც ჰყავდათ გამოძახებული და ექიმები იყვნენ ამ პირთან”,  – ამბობენ სუპერმარკეტში

“ფრესკო” პოლიციას ადანაშაულებს ინციდენტის ამსახველი კადრების უკანონო ამოღებაშიც. კერძოდ, ამბობენ, რომ პოლიციამ წაიღო მოწყობილობა, რომელშიც სათვალთვალო კამერების კადრები ინახება.

სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი ვასილ სოფრომაძე მომხდარის გამოძიებას ითხოვს.

“კანონის დარღვევით, მორალური ძალადობით, ამოიღეს მათი უმსგავსობის ამსახველი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა”, – აცხადებს ის.

“ნეტგაზეთი” მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში თქვეს, რომ დეტალებს გადაამოწმებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი