ახალი ამბები

“ფრესკოს” ინციდენტში მონაწილე პოლიციელი შსს-დან დაითხოვეს

10 სექტემბერი, 2019 • 2104
“ფრესკოს” ინციდენტში მონაწილე პოლიციელი შსს-დან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს პოლიციელი, რომელიც “ფრესკოს” ერთ-ერთ ფილიალში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა და სუპერმარკეტის პრესსამსახურის თქმით, ფიზიკურად გაუსწორდა ქურდობის მცდელობაში შემჩნეულ პირს.  ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს.

ინციდენტი თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ფილიალში, 9 სექტემბერს, გამთენიისას  მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად სუპერმარკეტების ქსელის მფლობელმა ვასილ სოფრომაძემ გაავრცელა. როგორც სუპერმარკეტში ამბობენ, მაღაზიაში შესულმა პირმა სასმელები მოიპარა, რაც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მას დაცვის თანამშრომელი დაედევნა.

“ჩვენი დაცვის თანამშრომელი დაედევნა, გააჩერა, უთხრა, რომ ქურდობაში იყო შემჩნეული და მოუწოდა, გაჰყოლოდა. ეს ადამიანი თავისი ნებით გამოჰყვა, არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. პოლიციის მოსვლამდე ჩვეულებრივად, ჩვენს ტერიტორიაზე იცდიდა”, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.

მისივე ცნობით, პოლიციის მოსვლის შემდეგ ქურდობაში შემჩნეულ პირსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციელმა პირს სახეში გაარტყა. აღნიშნული ფაქტი, როგორც სუპერმარკეტში ამბობენ, ფილიალის დაცვის თანამშრომელმა დაინახა.

შსს საქმეს ქურდობის მცდელობის მუხლით იძიებს. როგორც უწყებაში ამბობენ, დაკავებისას ზემოაღნიშნულმა პირმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

“ფრესკო” პოლიციას ადანაშაულებს ინციდენტის ამსახველი კადრების უკანონო ამოღებაშიც. კერძოდ, ამბობენ, რომ პოლიციამ წაიღო მოწყობილობა, რომელშიც სათვალთვალო კამერების კადრები ინახება. აღნიშნულის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კადრები სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში ამოიღეს.

“ფრესკო”: ჩვენს ფილიალში პოლიციამ ქურდობაში შემჩნეულს სცემა, კამერის კადრები კი წაიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი