ახალი ამბებირეკლამა

დავითაშვილი: ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ფინანსური რესურსი

7 მარტი, 2019 • 1296
დავითაშვილი: ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ფინანსური რესურსი

„ჩვენ მივიღეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, შეიქმნა სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთი კოოპერატივების ჩამოყალიბებას. 1000-ზე მეტი ასეთი კოოპერატივია, ეს არის თვისობრივად ახალი ფორმა; ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერატივების გაძლიერება, არა რაოდენობის გაზრდა, არამედ მათი გამსხვილება, როგორც ეს არის ევროპის ქვეყანებში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს მასშტაბით 1111 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელთა სწრაფი განვითარებისათვის შემუშავებულია და ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 210-ზე მეტ მეპაიეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 2000 ფურზე მეტს შეადგენს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 204 მეპაიე, მობილიზებული ვენახის რაოდენობა 219 ჰა-ს შეადგენს. ყურძნის გადამმუშავებელი 5 კოოპერაციული საწარმო უკვე ამოქმედდა, 5 საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში, 2018 წელს 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 300-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული საქონლის რაოდენობა კი 2200 ფურს შეადგენს.

მათ 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები და თანადაფინანსებით საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა, მიმდინარეობს საწარმოს აღჭურვა, საწარმო დღიურად 1,5 ტონა რძეს გადაამუშავებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას გულისხმობს.

„თუ ჩვენ არ შევქმნით სამელიორაციო ინფრასტრუქტურას, ვერ შევინარჩუნებთ ნიადაგის ნაყოფიერებას და ვერც წარმოებას გავზრდით. მრავალწლიანი კულტურების გაშენების გეგმები იქნება ფუჭი, იმიტომ, რომ წყლის გარეშე, თანამედროვე რეალობაში ჩვენ ვერ ვაწარმოებთ კონკურენტუნარიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება მნიშვნელოვნად ავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს, უმჯობესდება და იზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა.

2012-2018 წლებში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 258 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 127 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 38 000 ჰექტარს შეადგენს. 2019 წელს მშენებლობა-რეაბილიტაციით დაგეგმილია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 53 გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 374 ობიექტზე ჩატარდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი წყაროა ინვესტიციებისა. ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში იმისთვის, რომ მოხდეს მოდერნიზება და სტრატეგიული მიზნების შესრულება. სწორი საინვესტიციო გარემოს შექმნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, რომ სწორად რეგულირდება ახალ ორგანულ კანონში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შესახებ საკუთრების  საკითხი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს და პროგნოზირებადს გახდის ინვესტიციებს სასოფლო-სამეურნეო სექტორის მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ აღებული პასუხისმგებლობა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების შენარჩუნება მოხდება  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არის გათვალისწინებული და ასევე დაშვებულია სივრცე სხვადასხვა ფორმით უცხოელების მონაწილეობისთვის, რომელიც არის სწორი და დაბალანსებული მიდგომა“, – ლევან დავითაშვილი.

„დაიწყო მექანიზაციის ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 50% თანადაფინანსებით უზრუნველვყოფთ ყველა იმ ფერმერს, რომელიც დაინტერესებული იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრობლემაა სოფლად ტექნიკის არარსებობა. პრობლემის მოგვარების მიზნით, სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო აგროკრედიტითა და აგროლიზინგით მექანიზაციის დაფინანსება.

„სურსათის უვნებლობის მიმართულებით  მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამომხმარებლო ბაზრისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი. არსებული მონაცემებით, კონტროლის მასშტაბი გაზრდილია,  თუმცა კონტროლის გაზრდის პარალელურად მცირდება სამართალდარღვევები“, – განაცხადა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

საზოგადების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის ნიმუშების კვლევის შედეგებზე და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ნიმუშის აღება ხდება.

„არსებული დარღვევები უკავშირდება იმ გამოწვევებს, რომლებიც მთავრობას აქვს. ეს არის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ამ კუთხით მჭიდროდ ვმუშაობთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ვეტერინარიის კუთხით, ბოლო წლებში ტენდენცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, რასაც აღიარებს ცხოველთა ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაცია. იმისათვის, რომ ცხოველური წარმოშობის სურსათი იყოს მიკვლევადი, ჩვენი მომხმარებელი იყოს დაცული, უვნებელი და დაშვებული საერთაშორისო ბაზრებზე,  ინერგება კომპლექსური სისტემები. რეგიონულ ჭრილში ვაპირებთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის და მესტია დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი