ახალი ამბები

რას ნიშნავს თიბისის საქმეში მედიის გამოჩენა — სულხან სალაძის მოსაზრება

6 მარტი, 2019 • 1484
რას ნიშნავს თიბისის საქმეში მედიის გამოჩენა — სულხან სალაძის მოსაზრება

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმდჯომარე სულხან სალაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ თუკი დადასტურდა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილის დედნის ავთენტურობა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ “თიბისის” გარშემო განვითარებული მოვლენები ძირითადად TV პირველს და გარკვეული ჯგუფის მიერ მისი ხელში ჩაგდების სურვილს უკავშირდებოდეს.

პროკურატურამ 6 მარტს გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გუშინ გადასცა გამოძიებას. წერილში, რომელიც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა მას შუამავლის ხელით, ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ “ყველანაირი წინაპირობის გარეშე”.

“თუ დავუშვებთ, რომ ასეთი წერილი ნამდვილად დაიწერა, ჩემთვის აქ მთავარი გამოწვევა სწორედ TV პირველს უკავშირდება. ეს ამ საქმის ახალი ელემენტია. შეიძლება, საერთოდაც ამ მოვლენათა განვითარების მიზეზი და მიზანი სწორედ TV პირველს უკავშირდებოდა და არა თიბისი ბანკს ან ანაკლიის პორტს. თუ ამ ფორმით ვინმე ცდილობდა TV პირველის სარედაქციო პოლიტიკის, ბუნებრივია, არის ძალიან ცუდი მოვლენა და უნდა მოჰყვეს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სულხან სალაძე, რომელიც ანტიკორუფციული და გამჭვირვალობის საკითხების სპეციალისტია.

მისი თქმით, ვითარებას ართულებს გარემოება, რომ “ძალიან რთული დასადგენი იქნება ამ წერილის ავთენტურობა”. დღესვე მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ლონდონში ექსპერტიზაზე შეიძლება დადგინდეს, “არის თუ არა წერილზე რაიმე თითის ანაბეჭდი. შემდეგ ეს გამოძიებას წარედგინება და ის გაარკვევს, ვის ეკუთვნის”.

სალაძის თანახმად, “პროკურატურის მტკიცება, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი, მართალი რომც იყოს, [ეს საქმე] მაინც გამოწვევაა პროკურატურისთვის, ვინაიდან უწყებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა ამ საქმეში. მაგალითად, გასულ კვირას ბრიფინგის გამართვა და იმ თემაზე საუბარი, რაზეც საზოგადოებისთვის ადრეც იყო ცნობილი”. სალაძის შეფასებით, პროკურატურის მოქმედებები “მას აქცევს ერთგვარ პოზიციაში მყოფ ადმინისტრაციულ ორგანოდ”. “ეს არ არის პროკურატურის საქმე. პროკურატურის საქმეა მოთხოვნათა მიხედვით ზედმიწევნით ობიექტური გამოძიების წარმოება”, – ამბობს იგი.

სავარაუდო ზეწოლის წინა შემთხვევა

სულხან სალაძის თანახმად, თუკი წერილი მართლაც დაიწერა, ეს არ იქნება TV პირველზე შესაძლო ზეწოლის პირველი შემთხვევა. “სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვახსოვს, მე პირადადაც მქონდა შეხვედრები, როდესაც TV პირველის დამფუძნებელი საუბრობდა იმ შესაძლო მოვლენათა განვითარებაზე, რაც უკავშირდებოდა TV პირველის გარკვეული ჯგუფის მიერ ხელში ჩაგდებას”.

[ნახეთ ნეტგაზეთზე: იყო სიგნალები TV პირველის შინაარსის შესაცვლელად – ნინო ჟიჟილაშვილი]

“როგორც ჩანს, მედია არის ის თემა, რომელიც ალბათ აღელვებთ ხელისუფლების გარკვეულ ჩინოვნიკებს… ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი დოკუმენტის შემდეგ პროკურატურა არ არის მომგებიან სიტუაციაში. პირიქით, მათ ბევრად მეტი მტკიცება სჭირდებათ”, – უთხრა სალაძემ ნეტგაზეთს.

სალაძის თანახმად, თუკი ეს წერილი მართლაც დაიწერა, — მედიის ახალ ელემენტად შემოსვლა “კიდევ უფრო შემაშფოთებელია” იმის გათვალისწინებით, რომ “მედიას ისედაც უჭირს დამოუკიდებლად არსებობა”:

“ამ პირობებში, როდესაც TV პირველი სატელევიზიო მედიაში, მათ შორის არჩევნების დროსაც, მიჩნეული იყო ერთ-ერთ საუკეთესოდ, თუ არა ყველაზე უკეთეს მედიად, რომელიც დაბალანსებულად აშუქებდა სატელევიზიო ეთერში არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, ბუნებრივია, ეს გარკვეული ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს”, — ამბობს სალაძე.

“მე არ ვსვამ ტოლობის ნიშნებს წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის მედიასთან მიმართებაში, თუმცა, თუ ასეთ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, საფრთხის შემცველობის თვალსაზრისით, [ეს] გაცილებით უფრო [დიდი] საფრთხის შემცველია მედიისა და მედიის თავისუფლების მიმართ, ვიდრე პირდაპირ შევარდნა და დაკეტვა ან მაუწყებლობის შეწყვეტა რომელიმე მედიასაშუალებისთვის. [ეს იმიტომ, რომ ფაქტები] ცალსახად არ არის ზედაპირზე, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიგებთ ასეთი მოვლენების შესახებ, თუკი რომელიმე მხარე იტყვის ამის შესახებ და გაასაჯაროებს”.

“როგორც ჩანს, ჩვენ ამ პროცესში ეტაპობრივად ახალ-ახალ ამბებს ვიგებთ. სულ ორიოდე დღის წინ კომიტეტის სხდომაზე გავიგეთ, რომ ბანკი რესპუბლიკის შესყიდვის თემა მხოლოდ მაშინ მოგვარდა, როდესაც ბატონ ხაზარაძეს ჰქონდა საუბარი ბატონ ივანიშვილთან, რაც დამატებითი პრობლემაა, ვინაიდან ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები უნდა იღებდეს და არა ერთი კონკრეტული პირი მიუხედავად მისი სტატუსისა”, – დასძენს სალაძე.

ნახეთ ასევე:

წერილს დამოუკიდებელი არხის გაკონტროლების სურვილად აღვიქვამთ – “ტვ პირველი”

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

 

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი