ახალი ამბები

იყო სიგნალები TV პირველის შინაარსის შესაცვლელად – ნინო ჟიჟილაშვილი

16 თებერვალი, 2018 • 8857
იყო სიგნალები  TV პირველის შინაარსის შესაცვლელად – ნინო ჟიჟილაშვილი

ტელეკომპანია “პირველის” წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ დაფიქსირდა “შემაშფოთებელი სიგნალები”, რომელიც “TV პირველის”  შინაარსის შეცვლას შეეხებოდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ  ხელისუფლებას კომფორტს არ უქმნის TV პირველის დღევანდელი შინაარსიით არსებობა. ამის შესახებ ჟიჟილაშვილმა 16 თებერვალს თბილისში, მედიის გამოწვევებთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდაზე ისაუბრა.

“მინდა გითხრათ იმ პატარა სიგნალების შესახებ, რომელიც ტელეკომპანია “პირველს” გვქონდა ბოლო პერიოდში. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალები იყო, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ხელისუფლებას არ აქვს კომფორტი, რომ ბაზარზე არსებობს პატარა, მაგრამ საკმაოდ სოლიდური საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი დამოუკიდებელი მედიასივრცე. ბოლო პერიოდში ამასთან დაკავშირებით რაღაც სიგნალები ვიგრძენით. სწორედ ამიტომ, რადგანაც დღეს ჩვენი თანამოაზრეები, მოკავშირეები ხართ შეკრებილი, გვინდა, რომ ამ შეხვედრაზე ვთქვათ. [თქვენმა] ნაწილმა ეს იცის, ვინაიდან რაკიღა სიგნალი შევნიშნეთ, თქვენს ნაწილს დახურულ რეჟმში ვუთხარით.   [ეს გავაკეთეთ] დახურულ რეჟმში, რადგან ჩვენ ამ ეტაპისთვის პირდაპირი მტკიცებულებები ხელთ არ გვაქვს. ჩვენ ამ პირდპაირი მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა ჟიჟილაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე TV პირველისთვის ბარიერები მოხსნილია და ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით მაუწყებლობას აგრძელებს. მან ამ პროცესში მოკავშირეების, ასევე საელჩოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი.

“ეს იყო სიგნალები, რომ ტელეკომპანია პირველს სამომავლოდ შეეცვალა თავისი შინაარსი”, – ამბობს ჟიჟილაშვილი და დასძენს, რომ კონკრეტულ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

გირჩევთ:

რა ხდება ტვ პირველში? – სიტყვიერი დაპირისპირება გვარამიასა და სანაიას შორის (ვიდეო)

მასალების გადაბეჭდვის წესი