ახალი ამბები

ადვოკატი ადასტურებს, რომ ხაზარაძემ 2 ნოემბერს განცხადება მუქარის გამო გაავრცელა

6 მარტი, 2019 • 1870
ადვოკატი ადასტურებს, რომ ხაზარაძემ 2 ნოემბერს განცხადება  მუქარის გამო გაავრცელა

თიბისი ბანკის დამფუძნებლის ადვოკატი ზვიად კორძაძე “ნეტგაზეთთან” ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძემ 2 ნოემბერს განცხადება, სადაც ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობდა, მუქარის წერილის გამო გაავრცელა.

“მამუკა ხაზარაძემ, მას რაც ეხებოდა, შეასრულა და 2 ნოემბერს ის გამოვიდა და არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან ესეც განმარტა [დაკითხვაზე] “, – ამბობს ზვიად კორძაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ხაზარაძის განცხადება  2 ნოემბერს “ინტერპრესნიუსმა” გამოაქვეყნა.  განცხადებაში ბიზნესმენი ამბობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი და სხვა ბიზნესები არაერთხელ გამხდარა სახელმწიფო შევიწროების მსხვერპლი.

“მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ დარტყმის ობიექტი, 2004 წელს ჩემზე პირადად აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომლის წარმოება არაერთი წელი გრძელდებოდა, 2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის – კრედიტების გაცემის საშუალება, იყო ჩემი პირადი ქონების წართმევის მცდელობა აჭარაში რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც შეწყდა 2012 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო.

აღარ შევჩერდები სხვა ბიზნესმენთა მაგალითებზე. მიუხედავად ამისა, სამაგიეროს გადახდაზე არასდროს გვიფიქრია და დღეს, ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს, რათა დაპირისპირებებმა არ გადაგვიყოლოს და დამღუპველი შედეგები არ მოუტანოს ქვეყანას,” – ამბობს ხაზარაძე და დასძენს, რომ მისი და “თიბისის” გუნდის სურვილია, ქვეყნის ორ ბანაკად დაყოფა შეწყდეს.

ამავე განცხადებაში ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დგას რევანშიზმის საფრთხე, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სერიოზული რისკია. ხაზარაძის ასევე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან ბოლო დროს ისმის განცხადებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ, რაც სრულიად მიუღებელია.

ამავე თემაზე

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი