საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ბირჟას მიმართავს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. როგორც სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, ხაზარაძე საკუთარ თანამშრომლებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც საერთაშორისო ბიზნესის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება.
“ხაზარაძე რატომღაც ლაპარაკობს თავისი ათასობით თანამშრომლის სახელით, მისი ბანკის დირექტორი კი იღებს 15 მილიონ ლარს ხელფასს, მაგრამ მისი თანამშრომლები იღებენ რამდენიმე ასეულ ლარს, კაპიკებად ამუშავებს მონებივით და კიდევ აქვს თავხედობა, ილაპარაკოს, რომ მათ უნდა მისცენ ხმა ისე, როგორც ის ეტყვის. ეს ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე. ვაპირებ, მივმართო ლონდონის ბირჟის წარმომადგენლობას, ფინანსური სანქციები მიიღოს ხაზარაძის მიმართ.
ეს საერთაშორისო ბიზნესის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება, საკუთარი თანამშრომლების საკუთარი პოლიტიკურ მონებად და საკუთარი მიზნებისთვის განხილვა. დიდ პატივს ვცემ “თიბისი ბანკის” თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა მათგანმა მისცა ხმა ცვლილებას და ამ განცხადების შემდეგ კიდევ მეტად მისცემენ ხმას განახლებას, ნამდვილ ბიზნესს, ნამდვილ განვითარებას,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანამდე ხაზარაძის განცხადება “ინტერპრესნიუსმა” გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი და სხვა ბიზნესები არაერთხელ გამხდარა სახელმწიფო შევიწროების მსხვერპლი.
“მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ დარტყმის ობიექტი, 2004 წელს ჩემზე პირადად აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომლის წარმოება არაერთი წელი გრძელდებოდა, 2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის – კრედიტების გაცემის საშუალება, იყო ჩემი პირადი ქონების წართმევის მცდელობა აჭარაში რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც შეწყდა 2012 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო.
აღარ შევჩერდები სხვა ბიზნესმენთა მაგალითებზე. მიუხედავად ამისა, სამაგიეროს გადახდაზე არასდროს გვიფიქრია და დღეს, ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს, რათა დაპირისპირებებმა არ გადაგვიყოლოს და დამღუპველი შედეგები არ მოუტანოს ქვეყანას,” – ამბობს ხაზარაძე და დასძენს, რომ მისი და “თიბისის” გუნდის სურვილია, რომ ქვეყნის ორ ბანაკად დაყოფა შეწყდეს.
ამავე განცხადებაში ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დგას რევანშიზმის საფრთხე, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სერიოზული რისკია. ხაზარაძის ასევე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან ბოლო დროს ისმის განცხადებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ, რაც სრულიად მიუღებელია.
ამის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილი ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილთან კავშირში ადანაშაულებს და ამბობს, რომ “თიბისი” სწორედ ის კომაპნიაა, რომელმაც ათასობით ქართველი გააკოტრა.