ახალი ამბები

EMC “ელმავალმშენებლის” ადმინისტრაციას მოუწოდებს, ხელს ნუ უშლის პროფკავშირებს

4 მარტი, 2019 •
EMC “ელმავალმშენებლის” ადმინისტრაციას მოუწოდებს, ხელს ნუ უშლის პროფკავშირებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ხელს ნუ უშლის პროფკავშირებს და “უზრუნველყოს დასაქმებულთა თანასწორი და თავისუფალი გაერთიანების შესაძლებლობა”.

ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულთა თანახმად, მათ 6 თვეა, კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ. ამასთან, მათი მოთხოვნაა, ქარხანამ მუშაობა განაახლოს.

28 თებერვალს, პროფკავშირებისა და მუშების მოლოდინით, უნდა დაწყებული მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში, ანუ დამსაქმებელი, პროფკავშირი და მედიატორი უნდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა, პროფკავშირების თანახმად, ადმინისტრაცია მხოლოდ საკუთარ მუშებთან იყო მზად სალაპარაკოდ და პროფკავშირების გარეშე სურდა მოლაპარაკებების წარმოება.

EMC-ის თანახმად, დამსაქმებელი მედიაციის პროცესში “რკინიგზელთა პროფკავშირის” ჩართვას ითხოვს. “თავის მხრივ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უკანასკნელი ე.წ. “ყვითელ პროფკავშირს” წარმოადგენს და დამსაქმებლის ინტერესების გამტარია”, – აცხადებს EMC. გაერთიანებული პროფკავშირების თანახმად, “ყვითელ პროფკავშირს” უწოდებენ დამსაქმებლის ან მთავრობის მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომელსაც “დამოუკიდებელი და დემოკრატიული პროფკავშირის საწინააღმდეგოდ და დასასუსტებლად ქმნიან დამსაქმებლები და მთავრობები”.

განცხადებებს, რომლებიც “რკინიგზელთა პროფკავშირის” სახელით ვრცელდება, სახელმწიფო კომპანია “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

“კოლექტიური შრომითი დავების პერიოდში „ყვითელი პროფკავშირების“ დამსაქმებლის ინტერესებისადმი მიკერძოებული ხმით, მშრომელების სამართლიანი მოთხოვნების გადაფარვა და დელეგიტიმაცია, სამწუხაროდ, სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დასაქმებულთა გაერთიანების თავისუფლებას. ამ პროცესში განსაკუთრებულ გამოწვევად კი დამსაქმებელთა მხრიდან დამოუკიდებელი პროფკავშირების საქმიანობისთვის ხელის შეშლა დგას”, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნულ პროცესში ასევე იკვეთება “შრომითი მედიაციის არსებული მექანიზმის არაფექტიანობა და მისი რეფორმირების საჭიროება”.

“შრომითი მედიაციის არსებულმა მექანიზმმა ვერ მოახერხა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ძალაუფლებრივი უთანასწორობის დასაბალანსებლად პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი პროფესიული გაერთიანების მონაწილეობა. გარდა ამისა, აუცილებელია, შრომითი ინსპექციის მექანიზმით დამსაქმებლის შრომითი კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულება მოხდეს, რაც უზრუნველყოფს შრომითი დავის პრევენციას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შრომითი ინსპექციის მანდატი მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე ვრცელდება”, – წერს ორგანიზაცია .

ელმავალმშენებლის თანამშრომლები 5 მარტს, 12:00 საათზე, მასშტაბურ აქციას აანონსებენ გურამიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი