ახალი ამბები

სამშობლოსთვის ლოცვა, მარხვა, ზიარება — რას უწოდებს კვიციანი ბავშვის უფლებებს

4 მარტი, 2019 • 1486
სამშობლოსთვის ლოცვა, მარხვა, ზიარება — რას უწოდებს კვიციანი ბავშვის უფლებებს

“ბავშვი ცოტა მკაცრად თუ არ გაიზარდა, არა მგონია, მისგან რამე დადგეს ნორმალური”, — განაცხადა პარლამენტის წევრმა “პატრიოტთა ალიანსიდან”, ემზარ კვიციანმა ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე.

პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე “ბავშვთა უფლებათა კოდექსს” განხილავენ, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. სხდომას მმკ და სხვები ესწრებიან. ემზარ კვიციანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლა მმკ-სთან მისალმებით დაიწყო: “მოგესალმებით, მივესალმები სამღვდელოებას”. შემდეგ კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს მიმართა:

“ქალბატონო სოფიო, ანუ ბავშვი რომ დაიბადება, იმის შემდეგ აქვს უფლებები. რისი უფლებები? უფლება აქვს, მშობლებს უსმინოს, შეასრულოს მათი მითითება. ეს ერთი. უფლება აქვს, მოუსმინოს მასწავლებელ-პედაგოგებს, და შეასრულოს მათი ყველა დავალება სწავლის პროცესში. უფლება აქვს, მოუსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისთვის და სამშობლოსთვის; ასევე, იმარხულოს და ეზიაროს”, – თქვა კვიციანმა.

მოგვიანებით მან კილაძეს უთხრა: “ზედმეტად თავისუფლება ხომ არ მიგაჩნიათ ბავშვებისთვის დამღუპველი? მაქვს მხედველობაში ის, რომ, ჯერ ერთი, ბავშვებზე ძალადობა უნდა იყოს დაკონკრეტებული, რა არის ბავშვებზე ძალადობა. იმიტომ, რომ პატარა შენიშვნის გულისთვის მასწავლებლებს უკვე ყრიან სკოლებიდან. პატარა შენიშვნა თუ არ მიეცა ბავშვს და ცოტა მკაცრად თუ არ გაიზარდა, არა მგონია, მისგან რამე დადგეს ნორმალური. როდესაც ზედმეტი თავისუფლება, ზედმეტი უფლებები ბავშვის, დამღუპველი ხდება ბავშვისთვის, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია, რა თქმა უნდა”.

“რა ითვლება ბავშვებზე ძალადობად, ეს დავაფიქსიროთ, ბოლოს და ბოლოს”, – განაცხადა კვიციანმა.

რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსის ახალი პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი