ახალი ამბები

სამინისტრომ კომპანიას უარი უთხრა შავ არაგვზე ჰესების აშენებაზე

1 მარტი, 2019 •
სამინისტრომ კომპანიას უარი უთხრა შავ არაგვზე ჰესების აშენებაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია “სოლო ენერჯის” უარი უთხრა გუდამაყარში, შავ არაგვზე ჰესების – “შავი არაგვი” და “შავი არაგვი1” – აშენებაზე. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს, პირველ მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

“გაიცეს შპს „სოლო ენერჯის” მიერ წარმოდგენილ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვზე 8,35 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება”, – ვკითხულობთ მინისტრ ლევან დავითაშვილის ბრძანებაში.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს, ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივროს.


გუდამაყრის ხეობაში, შავ არაგვზე, ორი ჰესის – “შავი არაგვი” და “შავ არაგვი 1″-ს მშენებლობა კომპანია “სოლო ენერჯის” სურდა. ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანიის მონაწილე ადამიანები, რომლებმაც თბილისში აქციაც გამართეს, მიიჩნევდნენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებოდა როგორც გარემოს, ისე ადგილობრივთა ყოფას. მათ მიერ შექმნილმა ინტერნეტ პეტიციამ, რომელიც პროცესის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელი 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

2019 წლის 11 იანვარს გუდამაყრის ხეობის სოფელ კიტოხში პროექტების ე.წ. სკოპინგის ანგარიში განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი დაგეგმილი საქმიანობისა და გარემოზე ზემოქმედების მოკლე აღწერას, ასევე გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და მონიტორინგის პრინციპებს აერთიანებს. მშენებლობის მოწინააღმდეგეები აღნიშნავდნენ, რომ ადგილობრივებს არ მიუღიათ განხილვის შესახებ სათანადო ინფორმაცია.

კომპანია “სოლო ენერჯის” დამფუძნებელი, გიორგი აფციაური, “ნეტგაზეთთან” საუბრისას “აბსოლუტურად უსაფუძვლოს უწოდებდა” ჰესების მოწინააღმდეგეთა გზავნილებს და აღნიშნავდა, რომ პროცესი ჯერ წინასწარი კვლევის ეტაპზე იყო, კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი