24 თებერვალს, თბილისში, გუდამაყრელი ახალგაზრდები შავ არაგვზე ჰესების აშენების წინააღმდეგ ფოტო-აქციას გამართავენ. ღონისძიება მზიურის პარკში, 15:00-ზე დაიწყება.
აქციის ორგანიზატორები შავ არაგვზე ორი ჰესის აშენების წინააღმდეგ ბანერებს განათავსებენ, რომლებთანაც ფოტოს გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. შემდგომ, აღნიშნული ფოტოები სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდება.
გუდამაყრის ხეობაში, შავ არაგვზე, ორი ჰესის – “შავი არაგვი” და “შავ არაგვი 1” – აშენების ინიციატივა განიხილება . პროცესს შპს “სოლო ენერჯი” ახორციელებს.
მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე, დიდწილად, მილსადენში მოექცევა, რაც უარყოფითად აისახება როგორც გარემოზე, ისე ადგილობრივთა ყოფაზე. კერძოდ, კამპანიის მონაწილეთა თქმით, შეიზღუდება შავი არაგვის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება, გადაადგილების პრობლემები შეექმნებათ მწყემსებს საძოვარ ტერიტორიებზე, რაც ხელს შეუწყობს ხეობის დაცლასა და მიგრაციას.
2019 წლის 11 იანვარს გუდამაყრის ხეობის სოფელ კიტოხში ე.წ. სკოპინგის ანგარიში განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი დაგეგმილი საქმიანობისა და გარემოზე ზემოქმედების მოკლე აღწერას, ასევე გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და მონიტორინგის პრინციპებს აერთიანებს.
“განხილვის შესახებ მოსახლეობას არ მიუღია სათანადო ინფორმაცია არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში, რომელიც ჰესის მოწინააღმდეგეებმა Manifest.ge-ზე განათავსეს. პეტიციას 5000 ადამიანი აწერს ხელს.
კომპანია “სოლო ენერჯის” დამფუძნებელი, გიორგი აფციაური, “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პროცესი ჯერ წინასწარი კვლევის ეტაპზეა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“პროცესი წინასწარი კვლევების ეტაპზეა. ჯერ უნდა ჩატარდეს უნდა დასრულდეს როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური კვლევები და ასევე, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომ რაღაც დასკვნა გამოვიტანოთ, შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი[მშენებლობა]. მხოლოდ შემდგომ შეიძლება ვიფიქროთ, გაგრძელდება პროექტის შედგენა თუ არ გაგრძელდება”, – აცხადებს ის.
აფციაური “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” უწოდებს ჰესების აშენების მოწინააღმდეგეთა გზავნილებს და კვლავ აღნიშნავს, რომ ჯერ შესწავლის პროცესიც არ არის დასრულებული. კითხვაზე, გეგმის მიხედვით, არის თუ არა ჰესები დერივაციული და გულისხმობს თუ არა ეს შავი არაგვის მილებში მოქცევას, კომპანიის დამფუძნებელი პასუხობს:
“ვარაუდი ასეთია”.