ახალი ამბები

ჩვენ არ გვითქვამს, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი უნდა გაქრეს – სოფო გორგოძე

27 თებერვალი, 2019 •
ჩვენ არ გვითქვამს, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი უნდა გაქრეს – სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ამბობს, რომ დაწყებითი საფეხურის ბოლოს, მე-6 კლასსა და საბაზო საფეხურის ბოლოს, ანუ მე-10 კლასში გამოცდა ჩატარდება.

გორგოძე განმარტავს, რომ ეს იქნება შეფასების მსგავსი სისტემა, რაც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას დაინახოს, რა ვითარებაა სკოლებში. შესაბამისად, ამ  გამოცდის საფუძველზე ბავშვის სკოლიდან გარიცხვა არ მოხდება.

“ამით შევძლებთ დანახვას: სად გვიჭირს და როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვებს, რომ დაძლიონ ის სირთულეები, რაც აქვთ განათლების მიღების პროცესში. ეს შეფასება არ უნდა იყოს განმსაზღვრელი, არამედ უნდა იყოს განმავითარებელი,”-ამბობს NAEC-ის ხელმძღვანელი.

ჯერჯერობით უცნობია, რა საგნებში ჩატარდება გამოცდა, თუმცა სოფო გორგოძე ამბობს, რომ დაწყებით საფეხურზე აუცილებლად იქნება მათემატიკა. რაც შეეხება მე-10 კლასს, ამ ეტაპზე ჩასაბარებელი საგნები უცნობია.

“გვინდა ყოველ წელს საგნების როტაცია მოხდეს. ანუ ჩვენი მიზანია, მთელი სკოლა ისევ გამოცდებზე არ იყოს დამოკიდებული. მაგალითად, გამოცდისთვის განისაზღვროს 2-3 საგანი და სკოლა ამაზე გადაერთოს. მოდელზე ახლა ვმუშაობთ. გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ კურიკულუმის მიხედვით იმუშაონ სკოლებმა და ჩვენ უბრალოდ ბოლოს შევაფასოთ, რომელ საგნებში აქვთ სირთულეები ჩვენს მოსწავლეებს. შემდეგ უკვე ორი წელი გვექნება იმისთვის, რომ ამ საგნებში მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმაონ. ვცდილობთ, ამ გამოცდაში კვლავ ბევრი საგანი არ იყოს და ისევ ძველი მოდელი არ მივიღოთ”,-აცხადებს სოფო გორგოძე.

კითხვაზე, მე-10 კლასში შეფასების ნაწილში გამოცდის არსებობა  წაახალისებს თუ არა რეპეტიტორების სისტემას, სოფო გორგოძე პასუხობს:

“არ გვითქვამს და არ ვამბობთ იმას, რომ ზოგადად რეპეტიტორების ინსტიტუტი უნდა გაქრეს. ეს ასე ვერ მოხდება. მთავარია, როგორი დოზით იქნება. თუ ისეა, რომ ყველა რეპეტიტორთან ემზადება, მაშინ სკოლაში ფული რატომ იდება?! მთავარია, ბალანსი როგორი იქნება, თორემ რეპეტიტორის საჭიროება თუნდაც იმ ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც სკოლაში პროგრამის დაძლევის პრობლემა აქვთ, ყოველთვის იქნება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სისტემა უნდა ამოვძირკვოთ”.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი წლიდან დაიწყება გამოცდების ჩატარება, გამოცდების ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი