ახალი ამბები

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღასრულოს NAEC-მა სასამართლოს დროებითი განჩინება – ევროპული საქართველო

2 აგვისტო, 2023 • 1834
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღასრულოს NAEC-მა სასამართლოს  დროებითი განჩინება – ევროპული საქართველო

პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, საგანგაშოა გამოცდების ეროვნული ცენტრის(NAEC-ის) მიერ საქალაქო სასამართლოს დანაშაულებრივი დაუმორჩილებლობა აბიტურიენტის დაშვებასთან დაკავშირებით ისტორიის დამატებით გამოცდაზე.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ქართული სახელმწიფოს სირცხვილია, რომ აბიტურიენტის მშობელს სასამართლოს გადაწვყეტილების აღსრულების მოთხოვნით შიმშილობის დაწყება უწევს მაშინ, როდესაც მისი აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„სოლიდარობას ვუცხადებთ აბიტურიენტს და მის მშობელს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღასრულოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი დროებითი განჩინება. მსგავსი განუკითხაობა, კანონის უზენაესობის უტიფარ უგულებელყოფასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული გამოცდების არსებული მოდელი არ პასუხობს განათლების სისტემის მიზნებსა და გამოწვევებს და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მიღებაში“, – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

პარტიის განცხადებით, დღეს არსებული საგამოცდო სისტემა საჭიროებს ძირფესვიან რეფორმირებას, რისი ნებაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გააჩნიათ.

„ევროპული საქართველოს“ ხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ტარდებოდეს წელიწადში რამდენჯერმე და აბიტურიენტებს ამ გამოცდების ჩაბარება უნდა შეეძლოთ მე-9 კლასიდან.

„რამდენჯერმე ერთი და იმავე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს აბიტურიენტის საუკეთესო შედეგი სწავლის გაგრძელებისა და გრანტის მოსაპოვებლად. გამოცდების მრავალჯერადად ჩაბარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია პროცესში კერძო სექტორის ჩართვა. გამოცდების ადმინისტრირების პროცესში ჩართვა უნდა შეეძლოთ საერთაშორისო ავტორიტეტული აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს. შედეგად, აბიტურიენტებს შეეძლებათ თავად აარჩიონ მათთვის ხელსაყრელი ცენტრი, დრო და ადგილი“, – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.


სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა(NAEC) უარი თქვა, ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. NAEC-ის გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნული აბიტურიენტის მშობელმა შიმშილობა დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც. მათივე განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარედგინათ.

„შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი