ახალი ამბები

ომბუდსმენი NAEC-ს დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნის რეკომენდაციით მიმართავს

16 აგვისტო, 2023 • 1703
ომბუდსმენი NAEC-ს დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნის რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) გადაწყვეტილება, არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე.

დღეს, 16 აგვისტოს, ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც აბიტურიენტისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.

„საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო, უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება, ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ.


სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა(NAEC) უარი თქვა, ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. NAEC-ის გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნული აბიტურიენტის მშობელმა შიმშილობა დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც. მათივე განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარედგინათ.

„შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი