ახალი ამბები

ხაზარაძე/ჯაფარიძე არ აკონკრეტებენ, ვისგან მოდის “ორკესტრირებული შეტევა”

26 თებერვალი, 2019 •
ხაზარაძე/ჯაფარიძე არ აკონკრეტებენ, ვისგან მოდის “ორკესტრირებული შეტევა”

თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ აკონკრეტებენ, ვინ ახორციელებს მათ წინააღმდეგ “ორკესტრირებულ შეტევას”.

აღნიშნული ტერმინი ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს მამუკა ხაზარაძემ გამოიყენა ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის შეწყვეტის შემდეგ.

“ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, შეიძლება ითქვას. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს ჩვენ არ დავთმობთ”, – თქვა მან.

ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარი ამით შეწყვიტა. მას მომდევნო კითხვებისთვის აღარ უპასუხია. უცნობი დარჩა, ვის მოიაზრებს ის შეტევის განმახორციელებლად.

მამუკა ხაზარაძის შემდეგ მედიასთან ბადრი ჯაფარიძე გამოჩნდა. ჟურნალისტებმა მასაც ჰკითხეს, ვინ შეიძლებოდა იდგეს ზემოაღნიშნული შეტევის უკან.

“ვისგან მოდის ორკესტრირებული შეტევა, რაზეც ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ?” – კითხვას ჯაფარიძემ ასე უპასუხა:

“შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რასაც მამუკამ ხაზი გაუსვა: ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის განცხადებამ მიაყენა დიდი ზიანი არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას იმის გამო, რომ იმ ტრანზაქციებს, რომლებზეც საუბარია, არანაირი კავშირი არ აქვს, ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან.

თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამიტომ, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, შეგვიძლია, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია: დავეთანხმოთ ამა თუ იმ განცხადებას, რომელიც მომდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლება, რომ არ დავეთანხმოთ, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, მით უმეტეს, როცა მათ უკან არანაირი საფუძველი არ არის, ზიანს აყენებს ქვეყანას. იმედი მაქვს, ეს პროცესი მალე დასრულება იმისათვის, რომ ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე”.

ჟურნალისტის კიდევ ერთი კითხვის საპასუხოდ, შეიძლება თუ არა ორკესტრირებული შეტევა წარმოებდეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ჯაფარიძემ თქვა, რომ მას შეუძლია, მხოლოდ საკუთარ განცხადებაზე გააკეთოს კომენტარი.

დღეს, 26 თებერვალს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სხდომა შეწყდა. შესაბამისად, TBC Bank Group-ის აქციონერებს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მიეცათ.

დღევანდელი სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, აღნიშნა, რომ “ეროვნული ბანკი და მისი პორეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი”.

გოცირიძის აზრს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიაც იზიარებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა თუ უმრავლესობას სურთ, დაფარონ, თუ “როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის და მისი მმართველების წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი