ახალი ამბები

გვენეტაძის თქმით, რეგულატორის გადაწყვეტილების პარლამენტში განხილვა დამოუკიდებლობაზე იერიშია

26 თებერვალი, 2019 •
გვენეტაძის თქმით, რეგულატორის გადაწყვეტილების პარლამენტში განხილვა დამოუკიდებლობაზე იერიშია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, რეგულატორის მიერ TBC ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების საპარლამენტო ფორმატში განხილვა მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“მე ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა. ვფიქრობ, ესაა გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. მე არ მახსოვს პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში, როცა რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება.

მინდა, მოგახსენოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რომელიმე დავა ფიზიკური პირების მხრიდან, ეს დავები წყდება სასამართლოს მეშვეობით. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც მას აკისრია. თუ ის არ შეასრულებს ამ ვალდებულებებს, ეს ცუდი იქნება როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისათვის. ჩემი მოვალეობაა, გითხრათ, რომ ასეთი სახის განხილვები ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საზედამხედველო ზომებთან დაკავშირებით არ არის მართებული, რადგან ეს გამოიწვევს მოწყვლადობის შექმნას მთლიანად ფინანსურ სექტორში”, -აღნიშნა მან.

თიბისი ბანკში ეროვნულმა ბანკმა ინსპექტირება განახორციელა 2007 და 2008 წლებში შესრულებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც თიბისი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. რეგულატორი აცხადებდა, რომ ამ ოპერაციებისას თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნები დაარღვიეს. ბანკს მათ მიმართ ახალი სესხებისა და გარანტიების გაცემა აეკრძალა, შემდეგ კი, 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა ორივე მათგანის საბჭოდან გასვლა მოითხოვა.

თავდაპირველად, ხაზარაძე დ აჯაფარიძე მოთხოვნას არ დაეთანხმნენ. ბანკმა განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თიბისი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებდა დავას, თუმცა მოგვიანებით ბანკმა დავა შეწყვიტა, ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ის ბანკს დატოვებდა. იგივე პოზიცია დააფიქსირა ბადრი ჯაფარიძემაც, თუმცა ამ უკანასკნელს სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან არ შეუწყვეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი