საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ბრაზილიაში საქართველოს ელჩს შეხვდა და ვენესუელის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
დავით სოლომონიასთან, საქართველოს ელჩთან ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შეხვედრაზე გუაიდომ “მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი”.
სამინისტროს თანახმად, გუაიდომ აღნიშნა, რომ “საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას, დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება”.
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები 23 იანვარს დაიწყო. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, ამავე დღეს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.
პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს. პრეზიდენტისადმი ლოიალური რჩება ქვეყნის არმიაც.
“საქართველოს ელჩის შეხვედრა ხუან გუაიდოსთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც მიმდინარეობს ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-11 შევედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგანგებო და სრულუფებიანი ელჩის – დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იქნა მიწვეული სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით”, – აცხადებს სამინისტრო.
“ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუციის განხილვა, განსაკუთრებით კი 23 თებერვალს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, რაც შეფასდა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა. შეხვედრის დასასრულს მიიღეს ბოგოტას დეკლარაცია, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას.
ლიმას ჯგუფი წარმოადგენს 14 სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელიც 2017 წლის აგვისტოში პერუს დედაქალაქში შეიკრიბა და მიზნად ისახავს ვენესუელაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, რაც გულისხმობს დიქტატორული რეჟიმის ცვლილებას და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისადმი ვენესუელაში შემქნილი მდგომარეობის გამო.”
ვენესუელის დროებითი ხელისუფლება მზადაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს