ახალი ამბები

ტრამპმა ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერი გუაიდო პრეზიდენტად აღიარა

23 იანვარი, 2019 • 2068
ტრამპმა ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერი გუაიდო პრეზიდენტად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ოფიციალურად აღიარა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად.

გუაიდომ 23 იანვარს გამოაცხადა თავი პრეზიდენტად. ამჟამად ქვეყნის დედაქალაქ კარაკასსა და სხვა ქალაქებშიც დემონსტრაციები მიმდინარეობს. დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული.

აშშ-ის მთავრობამ აქამდეც მიანიშნა გუაიდოს მხარდაჭერაზე და მადუროს წასვლისკენ მოუწოდა. კარაკასსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა თანდათან ძლიერდებოდა.

ტრამპის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ “ვენესუელელი ხალხი უკვე დიდი ხანია იტანჯება მადუროს საშინელი დიქტატურის ქვეშ”. მათ მოუწოდეს მადუროს, გვერდზე გადგეს “ლეგიტიმური ლიდერის სასარგებლოდ”. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ იმუშავებს ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტთან ერთად, რათა ვენესუელა დემოკრატიისკენ შემობრუნდეს და აშშ მზად არის, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ვენესუელელ ხალხს, თუკი გარემო პირობები ამის საშუალებას მისცემს.

2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ბოლო არჩევნებს, რომლის შედეგადაც მადურო ქვეყნის მმართველად დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.

 

ნახეთ ასევე:

ვენესუელაში ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს გადადგომას ითხოვს, მიმდინარეობს აქციები

მასალების გადაბეჭდვის წესი