ახალი ამბები

ვენესუელის დროებითი ხელისუფლება მზადაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს

30 იანვარი, 2019 • 7998
ვენესუელის დროებითი ხელისუფლება მზადაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს

ვენესუელის დროებითი ხელისუფლება მზად არის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ეს განცხადება “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ვენესუელის ეროვნული ასამბლეის მიერ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში დანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. “კურიერის” ჟურნალისტმა გუსტავო ტარეს ჰკითხა, გააუქმებს თუ არა ვენესუელა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და თუ ეს ნაბიჯი გადადგა, რას ფიქრობს კარაკასი ამ შემთხვევაში მოსკოვთან ურთიერთობის გართულებაზე.

“რა თქმა უნდა. თქვენ არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ჩვენ არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია”, – განაცხადა გუსტავო ტარემ.

ვენესუელის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ვენესუელაში უილიამ ბრაუნფილდმაც ისაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ საქართველოს აქვს უფლება, არათუ ურჩიოს, არამედ დაჟინებით მოითხოვოს ვენესუელისგან ამ გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

ვენესუელა, რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსთან და სირიასთან ერთად, იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ. ტუვალუმ და ვანუატუმ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი