ახალი ამბები

ვიცოდით, რომ კუპრავას დასჯიდნენ, რადგან ის ოპოზიციის აქტიური წევრი იყო – ზოდელავა

24 თებერვალი, 2019 • 846
ვიცოდით, რომ კუპრავას დასჯიდნენ, რადგან ის ოპოზიციის აქტიური წევრი იყო – ზოდელავა

“გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ზვიად კუპრავას დაკავებას ელოდნენ, რადგან ის მათი მოძრაობის აქტიური წევრი იყო. ზოდელავას მტკიცებით, კუპრავა დაისაჯა ოპოზიციური საქმიანობისთვის.

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ინფორმაციითვე, მისი დაკავების ფაქტს გააცნობენ არასამთავრობო ორგანიზაციებს; სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

“ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მას დასჯიდნენ, რადგან ის იყო აქტიური. გახარიას უწყებამ ეს დავალება [ზვიად კუპრავას დაკავება] მიიღო როგორც ჩანს ივანიშვილისგან.  მათ ყველაფერი მოიმოქმედეს იმისთვის, რომ გაენეიტრალებინათ ის და ციხეში მოეთავსებინათ. ეს მოხდა მექანიზმით, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალს ვადევნებდით. ეს არის ორი აბსურდული ბრალის მექანიზმი. პირველის ბრალის შემთხვევაში გირაოს შეფარდება ხდება მსხვერპლისთვის და მეორე აბსურდული ბრალის დროს ხდება პირველის ბრალის დროს შეფარდებულის პატიმრობით ჩანაცვლება. ეს არის ახალი მექანიზმი, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს,”-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს, 24 თებერვალს “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა) დაიწყო.

ამ საქმეზე ზვიად კუპრავას სასამართლომ გირაო შეუფარდა. “გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

21 თებერვალს სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. მის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო პროცესს კუპრავა პოლიტიკური მოტივებით ხსნის. “მე არ ვაპირებ შევცვალო ჩემი დღის წესრიგი ან გავიქცე. თუ ვინმეს უნდა მოსვლა, აქ ვარ. ჩემ წინააღმდეგ ორი საქმეა, ორივეს პოლიტიკური მოტივი აქვს და არცერთს არ აქვს კავშირი სამართალთან,”-აცხადებს ზვიად კუპრავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი