ახალი ამბები

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

24 სექტემბერი, 2023 • 3570
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

22 სექტემბერს დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი დღეს, 24 სექტემბერს, უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა 23 ოქტომბრამდე გადაიდო.

ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებზე დგას. მისი თქმით, 22 სექტემბერს გლდანში გამოჩნდა, რომ პოლიციასა და იმათ ადამიანებს შორის, ვინც ენმ-ის წევრ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა, არანაირი განსხვავება არაა.

„თუ კი ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. უბრალოდ, ეს არის შეუსრულებელი და მიუღწეველი მისია. ეს ხელისუფლება შესაცვლელია. ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე. კრიმინალები, რომელიც საზრდოობენ ხელისუფლებით“, – განაცხადა მელიამ.

როგორც ბაჩო დოლიძემ განაცხადა, წინ ურთულესი წელი ელოდებათ და მათი მთავარი ამოცანაა, რომ არცერთ ისეთ ფაქტზე, რაც გლდანში მოხდა, თვალი არ დახუჭონ.

„ცხოვრებაში არასოდეს ვეგუებოდი უსამართლობას და არ შევეგუები. ის, რომ დღეს ჩვეულებრივად სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობენ თბილისში, ეს არის შემდგარი ფაქტი. ის, რომ პოლიცია ვერ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ან უარესს შემთხვევაში, არ რეაგირებს, ესეც შემდგარი ფაქტია. თურმე შეიძლება, რომ 60 ადამიანი, ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდეს, გაგისწორდეს და პოლიცია ვერ ხედავდეს და შენ თუ კითხვა გიჩნდება ამ ყველაფრის წინაშე, შენ დამნაშავე ხარ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.


22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.  ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს. თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადა, რომ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ეძგვერაძეზე თავდასხმას, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავეს.

თავად ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ თავდასხმა თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო. ეძგვერაძე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ის ზარნაძე და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეძგვერაძის თქმით, თავდასხმისას მას უთხრეს, რომ ეს საკრებულოს უკავშირდებოდა.

„რომ მირტყამდნენ, [მითხრეს] არ მოისვენე, ეს გინდოდაო… ზარნაძის გვარიც ახსენეს და ა.შ.“, – აცხადებს ირაკლი ეძგვერაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი