ზვიად კუპრავას თქმით, დღეს, 21 თებერვალს სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს.
კუპრავა ნეტგაზეთს უყვება, რომ დღეს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა იყო ჩანიშნული, რა დროსაც პროკურატურა მისი დაკავების შუამდგომლობით გამოვიდა. კუპრავა დასძენს, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა და ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულ ოფისშია.
“მე არ ვაპირებ შევცვალო ჩემი დღის წესრიგი ან გავიქცე. თუ ვინმეს უნდა მოსვლა, აქ ვარ. ჩემ წინააღმდეგ ორი საქმეა, ორივეს პოლიტიკური მოტივი აქვს და არცერთს არ აქვს კავშირი სამართალთან,” – უთხრა ნეტგაზეთს კუპრავამ.
რაც შეეხება სასამართლოს უპატივცემულობის საქმეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო:
“2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოქალაქე ზ.კ-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუ კუპრავას დაუდასტურდება აღნიშნული ბრალი, მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებო შრომას ვადით ას ორმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.