ახალი ამბები

ზვიად კუპრავა დაკავებულია – შსს

24 თებერვალი, 2019 •
ზვიად კუპრავა დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 24 თებერვალს “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. შსს-ს ცნობით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა) დაიწყო.

ამ საქმეზე ზვიად კუპრავას სასამართლომ გირაო შეუფარდა. “გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

21 თებერვალს სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. შსს-ს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გირაოს პირობების დარღვევა და მისთვის ახალი ბრალის წაყენება.

“2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება,”-აცხადებენ შსს-ში.

მის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო პროცესს კუპრავა პოლიტიკური მოტივებით ხსნის. 21 თებერვალს, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ  სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, კუპრავამ ნეტგაზეთს უთხრა: “მე არ ვაპირებ შევცვალო ჩემი დღის წესრიგი ან გავიქცე. თუ ვინმეს უნდა მოსვლა, აქ ვარ. ჩემ წინააღმდეგ ორი საქმეა, ორივეს პოლიტიკური მოტივი აქვს და არცერთს არ აქვს კავშირი სამართალთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი