საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა დასრულდა. 23 თებერვლის სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი 11 იანვარს, სპორტის სასახლეში, ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი იყო. დათუნაშვილი კვლავ გამორიცხავს საქმიანობის გაგრძელებას გეგეშიძის პრეზიდენტობის პირობებში, პრეზიდიუმი კი მას “დასაფიქრებლად” გარკვეულ დროს სთავაზობს.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ედიშერ მაჩაიძის თქმით, დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ გეგეშიძესთან მუშაობის გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნია და თუ ის არ გადადგება, ფედერაციას სხვა ქვეყანაში გაშვებას სთხოვს. მაჩაიძის განცხადებით, მოჭიდავეს შესთავაზეს, გარკვეული დროის მანძილზე განაგრძოს საქმიანობა და “დაფიქრდეს”.
“ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ ცხელ გულზე, უცებ პასუხი შეიძლება არ გვქონდეს. გარკვეული დრო, უახლოესი ხანი და არა ორი-სამი თვე… იქნებ ბატონი ზურაც დაფიქრდეს, ნაკრებთან მოვიდეს, დაიწყოს ვარჯიში… ჩაირთვება ყველა ის მექანიზმი, რა მექანიზმიც ჩამოგითვალეთ და შესაბამისად, ამ გარანტიით მომზადებას დაიწყებს, გასინჯავს თავის ძალებს, იმ თავის კონკურენტებთან ერთად სასწავლო შეკრებებს გაივლის და დაამტკიცებს თავის ძალებს. ღმერთმა ქნას, დაამტკიცოს”, – ამბობს მაჩაიძე.
მექანიზმებზე საუბრისას, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაჩნდა ინიციატივა, ვეტერანი მოჭიდავე, დავით გობეჯიშვილი დაესწროს ყველა იმ ფორმატს, სადაც ზურაბ დათუნაშვილი იქნება და მისი უფლებებს დაიცვას.
“ძალიან გვტკივა გული, რომ ახლა ვარჯიშებს აცდენს და ძალიან გვინდა, ისევ ჩადგეს რიგში. შესაბამისად, განვიხილეთ ბატონი ლერის[ხაბელოვი] მიერ შეთავაზებული წინადადება, რომ თუ ის გრძნობს ფედერაციიდან რაიმე კუთხით ჩაგვრას, ბატონი დათო გობეჯიშვილი დაესწრება ყველა იმ შეკრებას, სადაც ბატონი ზურა დაესწრება და გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად იყოს. ის იქნება ამ შეკრებაზე და აბსოლუტურად დაიცავს მის უფლებას, თუ ეს უფლება ირღვევა, როგორც ბატონი ზურა აცხადებს”, – განაცხადა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
ედიშერ მაჩაიძემ ჟურნალისტებს ასევე უამბო, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მომხდარი მოინანია და თქვა, რომ როგორც პრეზიდენტს, მეტი მოთმინება უნდა გამოეჩინა.
“თვალებში შეხედა[გეგეშიძემ დათუნაშვილს] და უთხრა: მე ვინანიებ იმას, რაც მოხდა, იმიტომ, რომ პრეზიდენტი რომ ვარ, ალბათ მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინაო. ბოდიში მოუხადა მასაც და თუ ეს საჭიროა, ბოდიშს ვუხდი ყველასო. მაგრამ ახლა შენ თქვი, რაც შენი მხრიდან დააშავე, თუ ამას აღიარებო”, – ციტირებს გეგეშიძეს მაჩაიძე.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი სხდომა ისე წარიმართა, რომ გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ საუბარი “ფიზიკურად ვერ წავიდა”. მისი განცხადებით, ეს საკითხი ოფიციალურად არც თავად დათუნაშვილს დაუყენებია.
თავის მხრივ, ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნას არ ცვლის.
“ვეტერანი თაობის წარმომადგენლები, პრეზიდიუმის წარმომადგენლები, საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ. ამ შერიგების შემდეგ მოხდება ისე, რომ არავინ არ დაიჩაგრება და ა.შ. ჩემი პოზიცია იყო ასეთი, რომ მე ვერ ვიქნები ამ ადამიანთან[გეგა გეგეშიძესთან]. თუ ეს ადამიანი გინდათ პრეზიდენტად, იყოს თქვენი პრეზიდენტი, მე გამიშვით. თუ არ გამიშვებთ, დამბლოკეთ”, – ამბობს მოჭიდავე.
პრეზიდიუმის სხდომა ჭიდაობის ფედერაციის შენობაში რამდენიმე საათს გრძელდებოდა. სხდომის პარალელურად, ფედერაციასთან ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერთა აქცია იმართებოდა. შეკრებილებს გეგა გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენა დაუშვებლად მიაჩნდათ. ისინი ტაშით შეხვდნენ შენობასთან მისულ დათუნაშვილს და მოუწოდეს, ბოლომდე მიჰყვეს პროცესს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთელი თავისი გუნდით. ზურაბ დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გამოკითხა.
2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე ინციდენტთან დაკავშირებით 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. 24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და დროებითი ღონისძიების სახით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.